ოფიციალური წერილის საფუძველზე, სკოლებს ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ
გამოცხადება შეუძლიათ.
დღესასწაულს მარნეულის სკოლების უმეტესობა აღნიშნავს.
როგორც ადგილობრივი “რესურსცენტრის” წარმომადგენელი, ირმა დავაძე
განმარტავს, სკოლების ნაწილმა განცხადება საქართველოს განათლების
მინისტრის სახელზე უკვე დაწერა, რომელსაც უწყებას გადაუგზავნიან.
გასული წლებისგან განსხვავებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს,
გაცდენილი დღის ანაზღაურება აღარ მოუწევთ.
ირმა დავაძის განმარტებით, წერილით მიმართვის შემთხვევაში ნოვრუზ
ბაირამზე ყველა აზერბაიჯანულენოვანი სკოლა/ აზერბაიჯანული
სექტორი
დაისვენებს. მათ შორის ისეთ სკოლებს შეუძლიათ უქმე დღეს გამოცხადება,
რომელთაც აზერბაიჯანელი მოსწავლეების დიდი კონტინგენტი ჰყავთ.
“სკოლები, ვისაც ამ დღეს დასვენება სურს, მინისტრის
სახელზე იწერებიან “ეფლოუში” წერილს. 2010 წლის 10 მარტის 187-ე
ბრძანებულებით , ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნასთან დაკავშირებით, 21 მარტი
გამოცხადებულია სადღესასწაულო დღედ, თუ სკოლას სურვილი აქვს. ჩვენ
შუამავალი რგოლი ვართ სკოლებს შორის და წერილები გადაეგზავნება
საქართველოს განათლების მინისტრს" - თქვა ირმა
დავაძემ.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს აღინიშნება.
"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი
"ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი
გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.
სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - სპეციალურად
ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და
„ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში
აწყობენ.
21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ. ყოველი კვირის
სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური
უმცირესობების იდენტობის ნაწილია. „ჩერშენბე“ უკავშირდება
ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და
ცეცხლს.