შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 14 მარტს, გვიან ღამით
ვაკეში, ჭავჭავაძის
გამზირზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
შსს-ის მიერ 17 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებულია
1975 წელს დაბადებული პირი, ინიციალებით გ.უ.
ეს ინიციალები ემთხვევა მედიის გავრცელებულ ცნობებს, რომ დაკავებულია
გელა უძილაური.
კერძოდ, ტვ პირველის ცნობით, მათი დაუსახელებელი წყარო
„ძალოვანებიდან“ აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ტერირორიაზე დააკავა.
შსს-ის ცნობით, ის დააკავეს თბილისში, თუმცა ჯერ უცნობია, რა
გარემოებებში.
ის დაკავებულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, მან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლევან
ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი თანხმლები პირი კლინიკაში
გადაიყვანეს.