„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი
თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან
ვარშალომიძე,
რომელიც გუშინ ყაზახეთში დააკავეს, თავისუფალია.
„იურიდიული პროცედურები რჩება გასატარებელი, რის შემდეგაც
ის ქვეყანას დატოვებს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ენმ-ის
წევრმა ლევან ანთაძემ.
ანთაძისთვის უცნობია ვარშალომიძის გათავისუფლების მიზეზები და
დეტალები. მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო და საელჩო ყაზახეთში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გაავრცელა
ინფორმაცია, რომ ლევან
ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ
ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით,
რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო
საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.