თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე თანამშრომელია უკანონოდ გათავისუფლებული — საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე „ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას და აცხადებს, რომ მარტო თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირი გაათავისუფლეს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ობიექტებად მიიჩნევენ თავს. საიას შეფასებით, ეს გათავისუფლებები უკანონოა.

საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობენ, ხელმომწერები არიან საერთო განცხადებებისა და პეტიციებისა, რომელიც სხვადასხვა საჯარო დაწესებულების თანამშრომლებმა გაავრცელეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძის პირით
„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებდა. მაშინ საჯარო სექტორის თანამშრომლებმა ამ განცხადებებით ქვეყნის კონსტიტუციის, ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერა გამოხატეს.

„საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული, მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას.

შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი – გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან. ამგვარად, თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია“,
— ნათქვამია საიას განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის განმარტებით, გარდა რეორგანიზაციისა, გათავისუფლების საფუძველი ასევე გახდა 2025 წლის 24 იანვრს პოლიციის თანამშრომელთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ზღვრულ ასაკთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ფლობდნენ კონკრეტულ წოდებას და მიაღწიეს კონკრეტულ ასაკს, არაერთი პირი გათავისუფლდა ამ ცვლილების საფუძველზე.

ზღვრული ასაკის დაწესების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხის „ოცნებისეულ“ რეგულირებასა და ცვლილებებს საია დაუშვებლად და ანტიკონსტიტუციურადაც კი მიიჩნევს.

„საია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას საჯარო მოხელეების მიმართ. პროცესი ხორციელდება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია.

საია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების უკანონო გათავისუფლება და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა“,
— აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, საჯარო სექტორიდან უკვე ასობით თანამშრომელია გათავისუფლებული, მათი საჯაროდ გამოხატული პროევროპული და პროტესტის მხარდამჭერი პოზიციების გამო.

2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა. ეს მაშინვე შეფასდა არასასურველი კადრებისაგან საჯარო სამსახურის წმენდის გადაწყვეტილებად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები