ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა კაცი, რომელსაც, მათი
განცხადებით,
ბრალი ედება „საქართველოს სპეციალური სამსახურისთვის კლასიფიცირებული
ინფორმაციის გადაცემა“.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. კგბ აცხადებს, რომ „51 წლის მოქალაქე,
რომელიც სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი იყო, სტაბილურ კონტაქტს
ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
წარმომადგენლებთან და მათ გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში
განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური
სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში
არსებული შიდა პოლიტიკური
ვითარების შესახებ“.
2025 წლის 21 აპრილს ცხინვალის რეჟიმმა დაკავებულის წინააღმდეგ საქმის
წარმოება დაიწყო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე – ღალატის
მუხლის საფუძველზე.
ცხინვალი ასევე იტყობინება, რომ დაკავებულმა „ბრალი აღიარა“.
რეჟიმის განცხადებით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კიდევ 5 პირთან
მიმართებაში, რომლებიც ასევე თანამშრომლობენ საქართველოს უსაფრთხოების
სამსახურთან.