საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს, ყოველ მეხუთე
მსესხებელს კი კრედიტზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება.
ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის აპრილის
სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად, გასული თვის მონაცემებით საფინანსო
სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 704
506 - წყარო „საქსტატი“), ვალს კი 365 409 მსესხებელი ვერ იხდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ
საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა,
რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 ათასზე
მეტით შემცირდა, მცირედი კლება ფიქსირდება გასულ თვესთან შედარებითაც.
უფრო კონკრეტულად, „კრედიტინფოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკის
მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება
უფიქსირდებათ, 365 409-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში
ე.წ. შავ სიაში 365 455 პირი იყო, 2025 წლის მარტში კი 369 776
ადამიანი.
ამასთან, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 369 311 ფიზიკური პირიდან,
რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 028 კომერციული ბანკების კლიენტია, 295
537 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 3 706 კი
სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების
დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.238 მლრდ
ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
- 1.494 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 29.048 მლნ ლარს. ჯამში, 30
დღიდან ვადაგადაცილება 2.762 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო
სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4.1%-ია.
საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში
საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, ჯამში 67.160 მლრდ
ლარის მოცულობის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსესხებლების 83.2% საბანკო სექტორზე
მოდის, კერძოდ, აპრილის მდგომარეობით, ბანკებიდან 62.986 მლრდ ლარის
მოცულობის კრედიტი სულ 1 618 445 მსესხებელს აქვს აღებული. ამასთან,
სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 700 990
ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.570 მლრდ ლარს შეადგენს.
კიდევ 16 780 ადამიანს კი, ჯამში 603.8 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს
სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.