„დიახ, ის არის“ — 21 წლის აითაჯ მამედოვა სხვა ტრაგედიის ფონზე მტკვარში იპოვეს
ქრონოლოგია, კითხვები და დუმილი, რომელმაც ყველაფერი თქვა

21 წლის აითაჯ მამედოვა 1 აპრილს, ღამის საათებში გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ბოლოს თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. სწორედ ამ ადგილას იპოვეს მისი პირადი ნივთები — ფეხსაცმელი, ჩანთა და მობილური ტელეფონი.

პოლიციამ ოჯახს განუცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, თუმცა ვიდეომასალა ოჯახის წევრებისთვის არ უჩვენებიათ. ოჯახის მტკიცებით, გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა და სახელმწიფო უწყებები საძიებო სამუშაოებში სათანადოდ არ ერთვებოდნენ.

„ერთი ნავიც კი არ მინახავს წყალში... ჩვენ ოთხი კაცი — ბიძაშვილი, მეზობლები და მე — ჩვენი ძალებით ვატარებთ გამოძიებას,“ — ამბობდა აითაჯის ბიძა, რასულ ომაროვი. ოჯახის წევრები ყოველდღიურად მიდიოდნენ მდინარის ნაპირზე და თვითნაკეთი ტივტივათი — პლასტმასის ბოთლებისა და კაბელით შეკრული კონსტრუქციით — ცდილობდნენ გოგოს მოძებნას.



15 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ მტკვარში მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობდა, პროცესში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა. თუმცა ოჯახი ამას პრაქტიკაში ვერ ხედავდა. „სახელმწიფო უბრალოდ ელოდება, რომ ფასიან ნავებს დავიქირავებთ — ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ — აცხადებდა რასულ ომაროვი.

გაუჩინარებიდან 44 დღის შემდეგ, 14 მაისს, მტკვარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, როდესაც მდინარეში ავტომობილი გადავარდა და დაიწყო მისი მგზავრების ძებნა, საჭირო გახდა მდინარის დონის ხელოვნური დაქვეითება. სწორედ ამ სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ქალის ცხედარი.

ცხედრის იდენტიფიცირება ოჯახის მხრიდან მალევე დადასტურდა. აითაჯ მამედოვას ბიძამ რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: „დიახ, ის არის“ — და გათიშა ყურმილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გვითხრა, რომ 14 მაისს, მდინარე მტკვარში ქალის ცხედარი მართლაც აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას ან მის მცდელობას.

რაც კითხვად რჩება
აითაჯ მამედოვას გაუჩინარებისა და ცხედრის აღმოჩენის ისტორია მრავალი კითხვის ნიშანს ტოვებს:

რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება პირველივე დღიდან?
რატომ არ მიაწოდეს ოჯახს ჩანაწერი, რომელზეც თავადვე აცხადებდნენ, რომ ჩანს გოგო მდინარეში ვარდნისას?
რატომ გახდა საჭირო ავტომობილით მომხდარი შემთხვევა, რათა სამძებრო სამუშაოები გააქტიურებულიყო?

ამ საქმეში დუმილი გახდა ყველაზე ხმამაღალი ბრალდება. აითაჯის გაუჩინარების ღამეს სახელმწიფოს მხოლოდ პლასტმასის ბოთლები დარჩა სანაპიროზე – ძებნის სიმბოლოდ და პასუხისმგებლობის სიმცირის ნიშნად.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები