11 ივნისს, ივანიშვილის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და უნგრეთის
პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს
შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ორბანმა საკუთარ Facebook გვერდზე
პოსტი გამოაქვეყნა.
პოსტში ორბანმა აღნიშნა, რომ კობახიძეს წელს მეოთხედ შეხვდა და თქვა,
რომ უნგრეთსა და საქართველოს ბევრი რამ აქვს საერთო. მისი თქმით,
ორივე ქვეყნის მიზანია "სხვის ომში პაიკებად" არ იქცნენ.
"როგორც უნგრელები, ქართველებიც იბრძვიან, რომ საკუთარი
ბედისწერა თავად გადაწყვიტონ და სხვის ომებში პაიკები არ
გახდნენ." - დაწერა ორბანმა.
ორბანი საკუთარ პოსტში შეეხო 2008 წლის ომსაც. მისი მტკიცებით, მაშინ
საქართველო ომში "გლობალისტებმა" ჯერ ჩაითრიეს, შემდეგ კი მიატოვეს,
რის შემდეგაც ქართველმა ხალხმა "გაკვეთილი" ისწავლა.
"მეტიც, ქართველებმა ათწლეულ-ნახევარის წინ უკვე
გამოცადეს როგორია ჩაგითრიონ რუსეთთან ომში, გლობალისტების საგანგაშო
მოწოდებებით - შემდეგ კი [გამოცადეს] როგორია მიგატოვონ მათ, ვინც
შეგაცდინეს. მათ ამისთვის დიდი ფასი გადაიხადეს და ეროვნული
დამოუკიდებლობა თითქმის დაკარგეს. ქართველებმა გაკვეთილი ისწავლეს და
მიზანდასახულები არიან: აღარ დაუშვებენ, რომ კვლავ მოატყუონ. უცხოურ
ძალებს ომში ჩათრევის ნებას აღარ მისცემენ." - დაწერა
ორბანმა.
"ჩვენ, უნგრელების მსგავსად, ქართველებიც უარს ამბობენ
ქედი მოიხარონ ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე." -
დაამატა ორბანმა.
ორბანის თქმით, ორი ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის "ბრიუსელის
შანტაჟი და უკრაინული საფრთხე".
"ჩვენ ვხსნით ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რათა
ავინაზღაუროთ ომისა და სანქციების შედეგად მიყენებული ზიანი. ჩვენ
ვხსნით ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი
პარტნიორია უნგრეთის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვხსნით
ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რადგან საქართველოს ეკონომიკა,
ევროკავშირის ეკონომიკისგან განსხვავებით, დინამიურად იზრდება,
წელიწადში 8-9%-ით.
ბრიუსელის შანტაჟი თუ უკრაინული საფრთხე - ჩვენ გავაგრძელებთ
განვითარებას, ზრდასა და გაძლიერებას, რადგან უნგრელმა და ქართველმა
ხალხმა ეს პასუხისმგებლობა გვიბოძა. შევუდგეთ
სამუშაოს!" - დაწერა უნგრეთის პრემიერმინისტრმა.
რამდენიმე საათის შემდეგ ორბანმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
"საქართველოში, ზუსტად ისე, როგორც უნგრეთში, გლობალისტი
ფსევდო სამოქალაქო ორგანიზაციები აკეთებენ ყველაფერს, რათა
ხელისუფლება გადააგდონ. ჩვენი მორალური ვალდებულებაა მათ გვერდზე
დავდგეთ, ისე, როგორც ისინი დგანან ჩვენს გვერდზე."