2024 წელს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა შვილები სოლიდური თანხებით
დაასაჩუქრა.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, უფროსი შვილისთვის 15 820
[GBP] – გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი ვაჟისთვის კი 46 850 USD –
დოლარი უჩუქებია, მესამე შვილს კი, რომელიც მასთან ცხოვრობს, სწავლის
გადასახადი – 15 646 ლარი გადაუხდა.
სოლიდური საჩუქრის გარეშე არც მშობლები დატოვა – როგორც თავად მიუთითა
დეკლარაციაში, 2024 წელს პარლამენტარმა მშობელს 250 000 ლარი აჩუქა.
ჯამში ნინო წილოსანმა 2024 წელს ნახევარმილიონამდე ლარი საჩუქრის
სახით გასცა.
ბოლო დეკლარაცია ნინო წილოსანმა 2025 წლის 28 იანვარს შეავსო, რაც
იმას ნიშნავს, რომ მასში 2024 წლის მონაცემებია ასახული.
მოგზაურობის ხარჯი
ნინო წილოსანი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ გასულ წელს
საქართველოში, პორტუგალიასა და ამერიკაში იმოგზაურა. პორტუგალიაში
მოგზაურობისთვის 7125 ლარი, ამერიკაში მოგზაურობისთვის 6000, ხოლო
საქართველოში 6115 ლარი დახარჯა – ეს ჯამში 19 240 ლარია.
2024 წელს დარეგისტრირებული ქონება
გასულ წელს ნინო წილოსანს თბილისში, ზალდასტანის ქუჩაზე სახლი და
ავტოფარეხი შეუსყიდია, რაშიც ჯამში 470 000 დოლარი გადაუხდია. სახლის
ფართობი 190,5 კვ.მეტრია, ავტოფარეხის ფართობი კი – 17. 7 კვ.მეტრი.
გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბერში თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე
-162,82 კვ.მეტრი კომერციული ფართობი დაირეგისტრირა. როგორც
დეკლარაციაში მიუთითა, ეს ქონება 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით
აქვს შესყიდული.
ადრე შეძენილი ქონება
2023 წელს თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ნინო წილოსანს შეუსყიდია 82,9
კვ.მეტრი კომერციული ფართობი 2 თანამესაკუთრესთან ერთად, შენიშვნაში
მიუთითა, რომ ეს ქონება 2011 წელს არის შესყიდული. ისევე როგორც
არასაცხოვრებელი 182,75 კვ.მეტრი ფართობი ქვიშხეთის ქუჩაზე. ამ
ნაკვეთსაც თანასაკუთრებაში ფლობს. ორივე ქონებაში ჯამში 140 000 ლარი
გადაუხდიათ.
ნინო წილოსანი ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში, ზღვასთან
ახლოს, რომელიც 40000 ლარად შეუძენია 2009 წელს, ფართობი 409
კვ.მეტრია. ფლობს კიდევ ერთ ბინას, 224,7 კვ.მეტრს თბილისში
თამარაშვილის ქუჩაზე, როგორც თავად მიუთითა, ეს ბინა 2009 წელს
შეუსყიდია.
ახალი ავტომანქანა
გასულ წელს ნინო წილოსანს შეუძენია ავტომანქანა LAND ROVER
DEFENDER-ი, რაშიც 95 000 დოლარი გადაუხდია.
ანგარიშები და დეპოზიტები
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ნინო წილოსანს დანაზოგის სახით 70
000 ლარი და 100 000 დოლარი ჰქონდა.
ნინო წილოსანის ამერიკული და სხვა კომპანიები
ნინო წილოსანის ამერიკული კომპანია US TRADING COMPANY-ის 25 პროცენტი
ყოფილ ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს ეკუთვნის. ყოფილ ქმარს ეკუთვნის
ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიის S.R.O Almitrans-ის 25 პროცენტიც.
ტელეკომპანია პირველმა გამოარკვია, რომ ამერიკული კომპანიით ნინო
წილოსანი საქართველოში დამზადებულ ტანსაცმელს უცხოეთში ყიდის.
ნინო წილოსანი ფლობს შპს „მკურნალი 2022“-ის 52 პროცენტს, ამ
კომპანიიდან გასულ წელს შემოსავლის სახით 70 886 ლარი მიუღია. ის
ფლობს ასევე შპს „ენდუო-კონცეპტის“ 23 პროცენტს და შპს „ენდუო“-ს 10
პროცენტს.
გასული წლის ხელფასთან დაკავშირებით დეკლარაციაში უთითებს, რომ
ხელფასის სახით დაერიცხა 60 096 ლარი, ხელზე აღებულმა თანხამ კი 56
208 ლარი შეადგინა. იჯარის წესით გაცემული ფართობებიდან ნინო წილოსანს
228 887 ლარი მიუღია შემოსავლის სახით.
დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს ბანკში სესხები აქვს.