“ოცნების” წევრი ადასტურებს NGO-ების ბენეფიციარების მიმართ ინტერესს
“ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციარებით დაინტერესებულია. ამის შესახებ ინფორმაციას და გორდულაძის კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

“იმისათვის რომ გადამოწმებული იქნეს მიღებული თანხა რაში დაიხარჯა, შესაძლებელი ხომ უნდა იყოს რომ… როცა ამბობს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომ X პიროვნებას დავეხმარეთ, ნამდვილად დაეხმარნენ თუ არა X პიროვნებას, ეს ხომ შესაძლებელია რომ ცალკე წარმოების საგანი იყოს? წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მექანიზმი თუ არ იარსებებს, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია იტყვის, რომ ადამიანებს დაეხმარნენ, მაგრამ რეალურად ეს ფული მოლოტოვის კოქტეილებისთვის ნივთიერებების შეძენას მოახმარეს ან ფეირვერკების შეძენას”,
– აცხადებს გორდულაძე.

18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.

მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებში მოკვლევას აწარმოებენ გაცხადებული პოლიტიკური სუბიექტების გამოსავლენად.

ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია არ მოუთხოვიათ.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ განჩინებებში ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს მათი „ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტივობის ამსახველი ვიდეო-ფოტომასალის მითითებით“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები