„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია
ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ
ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციას უყარეს კენჭი. 324-მა
ევროპარლამენტარმა რეზოლუციის მხარდაჭერით მოითხოვა მზია ამაღლობელისა
და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
სხდომას ესწრებოდა 436 დეპუტატი, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო
თავი შეიკავა – 87-მა.
ერთობლივ ტექსტში „ოცნების“ რეპრესიული კანონების შეფასებისას
აღნიშნულია, რომ ეს არის „ქართული ოცნების” ავტორიტარული სტრატეგია
კრიტიკული ხმების ჩასახშობად. ამასთან, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ
ფაქტობრივად გაანადგურა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია და
საინფორმაციო სივრცე მთლიანად დომინირებულია მთავრობასთან
დაკავშირებული მედიების მიერ, რომელიც რუსული ტიპის პროპაგანდასა და
ანტიევროპულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
მზია ამაღლობელის საქმეზე კი ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ
უგულებელყო სამართლებრივი პროცედურები, მას წინასწარი პატიმრობა
მკაფიო იურიდიული საფუძვლის გარეშე შეუფარდა, რაც სახალხო დამცველმაც
გააკრიტიკა, ხოლო მისი საქმე მიაბარა მოსამართლეს, რომელსაც არ
გააჩნია სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია.