თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ 19 ივნისს მიღებულ
რეზოლუციას გამოეხმაურა
და თქვა, რომ "გარკვეული ჯგუფი" ებრძვის ოცნების ხელისუფლებას, რადგან
ვერ შეძლეს "თავიანთი აგენტურის" საქართველოში მოყვანა.
კალაძის თქმით, "ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება",
თუმცა არავის აქვს უფლება, ხელი ასწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს
- "სტატუსი დანაშაულს ვერ აღუდგება ფარად".
"ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ
სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ
ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის
მოყვანა. რეალურად რა ხდება - საქართველო აგრძელებს განვითარებას,
წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის ხელის შემშლელი
მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები,
რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და შანტაჟზეა დაფუძნებული. თუმცა,
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რეალურად რასთან გვაქვს
საქმე, ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რომ ქვეყანაში
არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ყველა პოლიტიკურ პარტიას
ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა; ჩვენ
გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არავის აქვს
უფლება, ხელი ასწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს - სტატუსი
დანაშაულს ვერ აღუდგება ფარად.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ
ბიზნესმენი, კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი". -
თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და პოლიტიკური თავისუფლების
დარღვევებთან და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან
დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 324-მა დეპუტატმა
დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო და 87-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში
მონაწილეობისგან.
ევროპარლამენტი გმობს ქართული ოცნების მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე,
ასევე, ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების
წინააღმდეგ თავდასხმებს.
ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და გასამართლებას და მოუწოდებს
ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამაღლობელი და მის
წინააღმდეგ ყველა ბრალდება უკან გაიწვიოს.
ასევე, რეზოლუცია ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის და უკანონოდ
დაკავებულის, მათ შორის, მათე დევიძის, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი
ჯაფარიძისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და
ყველა რეპრესიული კანონის უკან გაწვევას მოითხოვს.
რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოში FARA-ს კანონის ძალაში
შესვლის პარალელურად, გააძლიეროს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო
საზოგადოების დახმარება.