სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა ოჯახის თხოვნით შეწყვიტა
შიმშილობა — ადვოკატი: მთავარი არის მის მიერ აღწერილი პირობები და
გამოყენებული ძალის პროპორციულობა
სინდისის პატიმარმა, ინსაფ ალიევმა, ოჯახის წევრების — მეუღლისა და 90
წლის ბებიის თხოვნით შეწყვიტა შიმშილობა. ამის შესახებ სოციალურ
ქსელში წერს მისი ადვოკატი, აიჰან ჰასანლი.
ადვოკატის ინფორმაციით, ალიევს ასევე შეხვდნენ საქართველოს სახალხო
დამცველის წარმომადგენლები.
„მადლობა მას ამ რთული
გადაწყვეტილების მიღებისთვის,“ — აღნიშნავს ჰასანლი და
დამატებით აცხადებს, რომ შეხვედრის დეტალებზე მოგვიანებით დაწერს.
აიჰან ჰასანლის თქმით, აქცენტები სწორად უნდა დაისვას და მთავარი
ამოსავალი წერტილი არ არის მხოლოდ ალიევის შიმშილობის დაწყების ფაქტი,
არამედ ის პირობები, რომელთა გამოც მან შიმშილობა დაიწყო, და მის
მიმართ გამოყენებული ძალისა და ზომების პროპორციულობა:
„როდესაც სისტემა გაიაზრებს, რომ სახელმწიფოს არსებობის
ძირითადი იდეა და მიზანი არის ადამიანის და მისი ღირსების დაცვა და
უზრუნველყოფა, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ
სახელმწიფობრიობაზე.“
ინსაფ ალიევმა შიმშილობა 11 აგვისტოს, საპატიმრო დაწესებულებაში
არსებული ანტისანიტარული პირობების და მკურნალობაზე წვდომის შეზღუდვის
გასაპროტესტებლად დაიწყო.
როგორც ჰასანლი წერდა, ალიევის საკანში დიდი რაოდენობით ტარაკნები
იყო. საჩივრის შემდეგ, ის და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან
248-ე საკანში გადაიყვანეს, სადაც არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო
გაჭედილი, რის გამოც პატიმრებს არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და
ჭურჭლის რეცხვა, რაც კვებაზე წვდომას ზღუდავდა.
ჰასანლის თქმით, დახმარებისთვის მიმართვის მიუხედავად, ხუთი საათის
განმავლობაში რეაგირება არ ყოფილა. კარზე დაკაკუნების შემდეგ კი შედგა
აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ და იმავე საღამოს ალიევი 5-დღიან
იზოლაციაში, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის პრობლემების
მიუხედავად, მას არ მიეცა საშუალება წამლების და პირადი ნივთების
წაღების, ხელბორკილები დაადეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
მანამდე, როდესაც ახალ საკანში წყალზე წვდომისა და კანალიზაციის
პრობლემებზე მიუთითა, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც
ახლახან ჩატარებული იყო სადეზინფექციო სამუშაოები. ძლიერი ქიმიური
სუნის გამო, მან ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და ექიმთან გადაყვანა გახდა
საჭირო.
ინსაფის და კიდევ 7 სინდისის პატიმარის საქმეს აკვირდება და
პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები,
როგორიცაა FIDH (International Federation for Human Rights), OMCT
(World Organisation Against Torture), Human Rights House Foundation
(HRHF) და სხვა.
ინსაფი უკვე 8 თვეა რაც წინასწარ პატიმრობაშია. ადვოკატი, აიჰან
ჰასანლი ფიქრობს, რომ მოსამართლეს პროცესის დასრულება და განაჩენის
გამოტანა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სურს, რათა სინდისის
პატიმრებმა საპატიმრო არ დატოვონ და სასამართლო სხდომაზე გარედან არ
იარონ - საქართველოს კანონმდებლობით, წინასწარი პატიმრობის
მაქსიმალური ვადა 9 თვეა.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ათეულობით ადამიანი დააკავეს აქციებში
მონაწილეობისა და “ქართული ოცნების” მიერ დასავლურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტებისათვის. ბრალდების მხარემ
მოწმეების გამოკითხვა დაასრულა 11 სინდისის პატიმრის საქმეზეც, რომელი
საქმეც ინსაფ ალიევისა და კიდევ 7 სინდისის პატიმრის საქმის
ანალოგიურია.
საქართველოში დღეისათვის 50-ზე მეტი სინდისის პატიმარია.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის”
დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა
მიუსაჯეს.