პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას
მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი
გამოიწვია.
პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე
ხოშტარიას ბრალდება დღეს, 16 სექტემბერს, წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა
განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც
გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს
დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე
მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და
ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის
განცხადებაში.
პროკურატურა ჯერ არ ამბობს ითხოვს თუ არა ელენე ხოშტარიასთვის
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას. უწყების განცხადებით,
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით
დადგენილ ვადაში მიმართავენ.