Amnesty International: საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და შემდგომი ძალადობის რისკის ფონზე ტარდება
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ არჩევნები ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ფონზე ტარდება.

Amnesty International აცხადებს, რომ მათ დოკუმენტირებული აქვთ რეპრესიები, მათ შორის, ოპოზიციის წევრების დევნის ფართომასშტაბიანი კამპანია, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება შემზღუდავი კანონებითა და სადამსჯელო ზომებით, ასევე მომიტინგეების თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა.

Amnesty

International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა განაცხადა:

„ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე კი თავდასხმები მიმდინარეობს. ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ატარებს იმ პირობებში, სადაც ადამიანების სიტყვის, შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის თავისუფლების უფლებები ითრგუნება”.

ორგანიზაცია მიუთითებს:

სისხლის სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენება კრიტიკოსების მოსაშორებლად არღვევს მათი სიტყვის, შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებებს. 2024 წლის ბოლოდან ათობით პოლიტიკური აქტივისტი და მომიტინგე გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის სამიზნე. სულ მცირე 60 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის ბრალდებით ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, ათობით მათგანს კი უკვე გამოტანილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით გამოტანილი განაჩენი – პატიმრობა.

Amnesty ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის წესით დევნილთა შორის არის ოპოზიციური პარტიის 9 წევრი, რომლებიც დღემდე რჩებიან პატიმრობაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო ასეთი შემთხვევა 2025 წლის 29 სექტემბერს მოხდა, როცა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია დააკავეს და ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით წარუდგინეს. Amnesty მიუთითებს, რომ გელა ხასაია შემთხვევის მოწმე იყო და არა მონაწილე.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ გელა ხასაია იმ ინციდენტის მხოლოდ მოწმე იყო და არა მონაწილე. ასევე, ხაზგასმულია თავად ხასაიას განცხადება, რომ პოლიციის განყოფილებაში ის გააშიშვლეს, მიაყენეს შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია თავდასხმის ქვეშ

Amnesty International საუბრობს „უცხო ქვეყნის აგენტების” კანონზე, ასევე, სისხლის სამართლის გამოძიებებზე, რომლის საფუძველზეც 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ იმავე პრობლემას აწყდებიან მედიებიც.

კერძოდ, Amnesty მიუთითებს, რომ „მთავარი არხი” იძულებული გახდა, მაუწყებლობა შეეწყვიტა, სხვა მედიები კი პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამების სარჩელების, ჯარიმებისა და სისხლის სამართლის გამოძიებების სამიზნეები გახდნენ მათი კრიტიკული რეპორტაჟების ჩასახშობად.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აქციების გაშუქებისას ჟურნალისტები პოლიციის მხრიდან ფიზიკური თავდასხმის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, თვითნებური დაკავებისა და შევიწროების წინაშე აღმოჩნდნენ.

Amnesty ასევე წერს, რომ სულ მცირე, ერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელსაც არჩევნების გაშუქება სურდა, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები