პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, სადაც
წერს, რომ 4 ოქტომრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულთაგან 4 პირი
ენმ-ს წევრია.
ენმ წერს, რომ "რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ
საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის
ბრძოლა შეწყვიტონ".
"რუსეთის მარიონეტული რეჟიმი შეთითხნილი ბრალდებით
უდანაშაულო პატრიოტების რეპრესიებს აგრძელებს.
გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად
უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო
მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.
რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის
მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.
მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ
მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს
მისაკუთრებას.
მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით
დასრულდება!
სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
დიდება საქართველოს!" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულია 5 პირი - პაატა
ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და
ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით
შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე,
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". -
თქვა დარახველიძემ.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დარახველიძის ცნობით, შსს-მ 4
ოქტომბრის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში 15 მონაწილის
იდენტიფიცირება მოახდინა და მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე
დააკავეს.
დარახველიძის თქმით, 2 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.