აზერბაიჯანი და ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტის მოცულობას წელიწადში 7 მლნ ტონამდე გაზრდიან
აზერბაიჯანი და ყაზახეთი 2027 წლისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ტრანზიტის მოცულობის წელიწადში 7 მლნ ტონამდე გაზრდას განიხილავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მისი მონაცემებით, “2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გლობალურ ბაზრებზე 3.4 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი იქნა მიწოდებული,“ ამჯერად კი მხარეები “ურთიერთმომომგებიანობის საფუძველზე წელიწადში ტრანზიტის მოცულობის 7 მლნ ტონამდე გაზრდას განიხილავენ.“

ბრიტანული კომპანია BP-ის მიერ ოპერირებულ ბთჯ-ის მილსადენით ნავთობექსპორტი იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოში დაფიქსირებულ 19.390 მლნ ტონიდან 18.356 მლნ ტონამდე შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებული ყაზახური და თურქმენული ნავთობის მოცულობა 3.584 მლნ ტონიდან 2.887 მლნ ტონამდე შემცირდა.

წლის ბოლოსთვის ყაზახეთი ბთჯ-ის მილსადენით 1.7 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელია.

ცნობისთვის: მთლიანობაში, ამოქმედებიდან დღემდე ბთჯ-ის მილსადენით აზერბაიჯანიდან მსოფლიო ბაზრებზე 540 მლნ ტონა ნავთობი იქნა მიწოდებული. მილსადენი, ძირითადად, აზერის, ჩირაგისა და ღრმაწყლოვან გიუნეშლის (Azeri-Chirag-Gunashli - ACG) საბადოებიდან ნავთობის, ხოლო შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ბთჯ-ის მილსადენით კასპიის რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობისა და კონდენსატის, ასევე, SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

ACG-ის საბადოების განვითარების ხელშეკრულება 1994 წელს გაფორმდა. მისი მოქმედების ვადა 2024 წელს უნდა ამოწურულიყო, თუმცა 2017 წლის სექტემბერში ახალი კონტრაქტი 2050 წლამდე ვადით გაფორმდა.

ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1.768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.

ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი

კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები