პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ
აჭარაში დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ვერსიით, დაკავებულები
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ „შესაძლო კავშირში
მყოფი პირები“ არიან და „საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ
ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი
რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას“. ასევე,
სუს-ის გამოძიების თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშა
ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო
მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და
შენახვის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქვე, პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში
დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.