ახალი ფორმის პირადობის მოწმობის გაცემის ვადა კიდევ გადაწიეს
ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემის თარიღი „ოცნების“ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით კიდევ ერთხელ გადავადდა. ამჯერად 2025 წლის 22 დეკემბრამდე.

ამ ბრძანების გამოცემამდე კი ეს ვადა 3 ნოემბერი იყო.

„საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბრძანება 2025 წლის

10 მარტს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ახალი ფორმის პირადობის მოწმობა, ბიომეტრიული პასპორტი და სხვა დოკუმენტები 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა გაცემულიყო.

ეს ვადა, როგორც აღვნიშნეთ, რამდენჯერმე გადაწიეს.

ახალი ფორმის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა იმ მოქალაქეებზე დაიწყეს, რომლებმაც განაცხადი 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთეს. პირადობის მოწმობების გაცემა კი ჯერ არ დაუწყიათ.



ახალი დიზაინის პირადობის მოწმობები კი იმ მოქალაქეებზე გაიცემა, რომლებიც განაცხადს 2025 წლის 22 დეკემბრიდან გააკეთებენ [ესეც, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადას კიდევ არ შეცვლიან].

ცნობისთვის: როცა ახალი ფორმის დოკუმენტები გაიცემა, უკვე გაცემული [ანუ, დღეს არსებული ფორმის პირადობა, პასპორტი და სხვა] დოკუმენტების მოქმედება რჩება ძალაში – მათზე მითითებული ვადის განმავლობაში. ანუ, ვადიანი პასპორტის შეცვლის ვალდებულება მოქალაქეს არ აქვს. ასევე არ იქნება სავალდებულო იმ პირადობის მოწმობის შეცვლა 22 დეკემბრის შემდეგაც, რომელ პირადობასაც მოქმედების ვადა ექნება.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები