მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირები - 3 მაისს, შესაძლოა, მეტრომ მუშაობა შეწყვიტოს და მთლიანად პარალიზებული იყოს
3 მაისს, დილიდან შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც პროფკავშირების წევრები აღნიშნავენ, თუ მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, ისინი ხუთშაბათს, გაფიცვას დაიწყებენ, რაც მეტროპილიტენის პარალიზებას გამოიწვევს.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიის და მერიის პოზიცია არის, რომ ხელფასების მატება ჯერჯერობით ვერ მოხდება.
„სამი დღით ადრე ვაანონსებთ იმ დღეს, როცა მეტრო შეწყვეტს ფუნქციონირებას, მეტროპოლიტენი მთლიანად იქნება პარალიზებული“, - განაცხადა „ერთობა 2013“-ის წევრმა არჩილ ლაბაძემ.

მისივე თქმით, „ერთობა 2013“-ის მოთხოვნაა, რომ მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს.

როგორც „ერთობა 2013“-ის ადვოკატი ბექა ბადრიშვილი აცხადებს, „ერთობის“ წევრებს ხელფასების მატებასთან დაკავშირებით შეხვედრები ჰქონდათ, მათ შორის, ვიცე მერთან ირაკლი ხმალაძესთან.

„მედიაციის ფარგლებში იყო შეხვედრები, შევხვდით ვიცე მერს ირაკლი ხმალაძესაც, ასევე ჩვენი დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებსაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. პოზიცია არის, რომ ხელფასების მატება ვერ მოხდება და პერსპექტივაშიც ვერ კონკრეტდება თუ როდის იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ადვოკატმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print