„გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირების გავლას 250 ლარი სჭირდება“
„თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირებას, იგულისხმება როგორც აირბალონის ისე სისტემის შემოწმება, ხანგრძლივი პროცედურა და დიდი თანხა - 250 ლარი სჭირდება,“ - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მესხიშვილის თქმით, ტექინსპექტირების გასავლელად დადგენილ თანხაზე დაწესებული უნდა იყოს ქვედა და ზედა ზღვარი, რათა არ მოხდეს მისი გაძვირება. ამასთან, მისივე თქმით, გამოსავალი აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის შემოწმების გადავადება იქნება, იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ვერ შესთავაზა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტომფლობელებს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი აღარ არის აღნიშნული მომსახურება, ამიტომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ იმდენად, რამდენადაც პროცესი არის მოუმზადებელი, მითუმეტეს არ არის ელექტრონული პროგრამა, არის ძველებური მოდელი, რომლითაც ჩემი აზრით, შესაძლებელია, ამ საბუთების გაყალბება, რომელიც დღეს გაიცემა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს. ასევე აღმოჩნდა, რომ ცენტრების რაოდენობა, რომლებმაც თხევადი გაზის აირბალონები და სისტემა უნდა შეამოწმონ, სრულებითაც არ არის საკმარისი და არის მხოლოდ ორი მოქმედი ცენტრი. მაგალითად, ბათუმში თუ არის მომხმარებელი, ის უნდა ჩავიდეს ქუთაისში ინსპექტირების ჩასატარებლად.

„ტექინსპექტირების გავლას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურა და თანხა, რომელიც საშუალოდ ჩემი ინფორმაციით, არის 250 ლარი. არ ვიცი, ვინ დაადგინა ეს თანხა. თუ მაგალითად, ჩვეულებრივი ინსპექტირების შემთხვევაში არის 60 ლარი და სახელმწიფო ამაში ჩაერია, რომ ვიღაცას არ აეწია თანხები ხელოვნურად, ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვთ შესაბამის სტრუქტურებს. ამიტომ, დასადგენია ან ქვედა ზღვარი ან ზედა ზღვარი, რადგან როცა შენ მძღოლს ავალდებულებ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, უნდა დავუშვათ რისკი, რომ შესაძლოა გაძვირდეს კიდევ", - განაცხადა მესხიშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, თხევადი გაზის აირბალონიანი შემოწმება სავალდებულო გახდა.



წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები