შეზღუდვის მიუხედავად, მარნეულში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ნაწილი კვლავ მუშაობს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დღეიდან, 31 მარტიდან, მუშაობას წყვეტს სესხის გამცემი ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები და საფინანსო სფეროს სხვა კომპანიები.

„დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ნაწილი უკვე დაკეტილია, ნაწილი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის თანამშრომელმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მისთვის საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. ამბობს, რომ საქმიანობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, რაც სამთავრობო სამსახურის ან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

რადიო „მარნეული“

Print