კორონავირუსს შეწირული მოსავალი და შემოსავალი მარნეულში
ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გაკოტრების პირასაა, მცირე ბიზნესის მეპატრონეებმა აღარ იციან, რამდენ ხანს გაძლებენ ბაზარზე - ასეთი მდგომარეობაა მარნეულში, ჩაკეტვიდან 45 დღის შემდეგ.

მუნიციპალიტეტში ეკონომიკური პრობლემები თვალნათელი გახდა. მარნეულელი ფერმერების ნაწილმა, 22 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართა და მერიას პროდუქტების რეალიზაციაში დახმარება სთხოვა.

„მე, მაგალითად 35 000 (ლარი) გამოვიტანე ბანკიდან ვალი. ერთი 20 000-ის მოსავალი უკვე გამიფუჭდა. ვყრი და ღორებს ვაჭმევ. ამის იმედზე ვიყვით, ახლა რა უნდა ვქნათ?!“ - ამბობს აქცის ერთ-ერთი მონაწილე.



22 აპრილს მერიამ ხალხს მოსავლის რეალიზებაში დახმარების პირობა მისცა. აქცია დაიშალა, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვა პრობლემურ საკითხად დარჩა. ადგილობრივი თვითმმართველობა მოსავლის გატანაში ყველას ვერ ეხმარება, როგორც ამბობენ, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

დასახმარებელთა სიაში ვერ მოხვდა მარადისელი ნაირა პაქასაძე. მისმა ოჯახმა ექვსი სახეობის სალათის ფურცლის ხუთი ტონა მოსავალი მიიღო. გასაყიდად ვერ გააქვს, შესაბამისად, ოჯახი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე შეიძლება დარჩეს.

„ჩემი მეუღლე ვაჭრობდა თბილისში. მანქანით მიგვქონდა და ვყიდდით. საკუთარი კლიენტებიც გვყავდა სარესტორნო და სუპერმარკეტის ქსელებიდან. სოფლიდან ვერ გავდივართ წითელ ზონაში რომ ვართ. თან პრობლემაა ბაზრები და რესტორნებიც რომ არ მუშაობს ვერ ვყიდით, არ ვიცით რა გვეშველება“.

ნაირა პაქსაძის სასათბურე მეურნეობა სოფელ მარადისში

ნაირა პაქსაძის ოჯახი სასათბურე მეურნეობისათვის გამოტანილ კრედიტს იხდის. ყოველთვიური საბანკო შენატანი 5 000 ლარს შეადგენს. ოჯახს ეშინია, რომ სამთვიანი შეღავათის შემდეგ კრედიტს ვერ გაუმკლავდება. დღეს თანახმაა პანდემიამდე ხუთ ლარად ღირებული კილო სალათის ფურცელი ლარად გაყიდოს, თუმცა, მყიდველი არც ამ ფასად ჩანს.

ფერმერების მსგავსად, პრობლემები შეექმნათ მუნიციპალიტეტში მომუშავე ბიზნეს ობიექტებსაც. მარნეულის ცენტრალურ ბაზართან მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა საიდა ალექბეროვამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტის ჩაკეტვამდე სავაჭრო ცენტრის მოგება 10-12 ათასი ლარი იყო, ხოლო აპრილში შემოსავალი 4-5 ათას ლარამდე შემცირდა.

„სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა კარგად ვმუშაობდით და ბევრი კლიენტიც გვყავდა. ახლა, შეზღუდვების გამო, ხუთ ადამიანზე მეტს არ ვუშვებთ მაღაზიაში, ისედაც არაა მეტი კლიენტი“.

საიდა ამბობს, რომ 27 აპრილიდან, მას შემდეგ რაც მანქანით გადაადგილება ნებადართული გახდა, ვაჭრობა ოდნავ უკეთ წავიდა.

„ცოტათი კი მოიმატა ხალხის რაოდენობამ, მაგრამ 4 000 ლარს ელექტროენერგიაში ვიხდით, სამსახურიდან არავინ არ გაგვიშვია და ყველა თანამშრომელს ხელფასს ვუხდით, ძალიან ბევრი ხარჯი გვაქვს და არ ვიცი. ასე თუ გაგრძელდა, არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავძლებთ“.

მარნეულის სუპერმარკეტი შემცირებული კლიენტებით

მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტები მუშაობს, მათ მწვავე ფინანსური პრობლემები აქვთ. იმ ბიზნეს ობიექტების მეპატრონეებმა კი, რომლებსაც კორონავირუსის გამო ბიზნესის დახურვა მოუწიათ, არ იციან როგორ დაბრუნდებიან ბაზარზე და დაიბრუნებენ თუ არა დაკარგულ კლიენტებს. ასეთი ობიექტია მარნეულში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მუშაობა 5 მაისიდან განაახლეს.

„ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ამ შეზღუდვებმა ძალიან იმოქმედა. სხვა რა შეიძლება მოხდეს? ეს ცენტრი იჯარით გვაქვს აღებული, მეპატრონე არ მოსულა და არაფერი არ უთქვამს ჩვენთვის. პირველი სამუშაო დღეა და ჩვენთან არავინ მოდის. ხალხს ფული არ აქვს. ადრე თვითონ მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ როდის გაიხსნებოდა სარემონტო. ახლა მე თვითონ ვურეკავ და ვეუბნები, რომ გავიხსენით, მაგრამ ამბობენ, რომ ფული აღარ აქვთ. ახლა აქ რა მანქანებიცაა, ისიც დახურვამდე შემოიყვანეს. 20 მარტს პატრული მოვიდა და მითხრა დახურეთ სახელოსნოო თორე დაგაჯარიმებთო, მეც დავხურე“, - გვეუბნება ხელოსანი.

შემოსავლის გარეშე დარჩა ქვემო სარალელი ამირხან გარაჯაევიც. ის 24 წლის განმავლობაში ქორწილისა და ქელეხის სუფრებისათვის მაგიდებს, სკამებსა და ჭურჭლებს აქირავებდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა და ამირხანის ბიზნესიც გაჩერდა.



ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევა ჯანდაცვის მიმართულებაა. მნიშვნელოვანია ამ სექტორის გაძლიერება, რათა როგორც ამ, ასევე პოსტკრიზისულ ეტაპზე ვირუსის გავრცელების ეფექტური მართვა შევძლოთ. სწორედ ვირუსის გავრცელების მართვაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვა ეკონომიკა კრიზისიდან.

მეორე გამოწვევას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც შემოსავალი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგეს და მათი სოციალური მდგომარეობა უარესდება.

„არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნდათ დანაზოგი და ისინი ყოველთვიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი, ხოლო კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, მათ დაკარგეს სამსახური და არის მეორე ნაწილი ადამიანების, რომლებიც შესაძლოა, არ მივიჩნიოთ როგორც ღარიბ ადამიანებად, თუმცა აღებული ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, ეს იქნებოდა სასესხო თუ ასე შემდეგ და ეს გათვლილი ჰქონდათ გარკვეულ შემოსავალზე, მაგრამ ეს შემოსავალი მათ აღარ აქვთ“.

მესამე გამოწვევა ბიზნესია, სადაც პრობლემა ორი მიმართულებით იყოფა:

იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია, ბიზნესს ექმნება ლიკვიდობის (აქტივის ფულად გარდაქმნის შესაძლებლობა) და გადახდისუუნარობის რისკი. იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღარ აქვთ შემოსავალი, რთული იქნება აღებული ვალდებულებების შესრულება.
მეორე საკითხია პრობლემები, რის წინაშეც ბიზნესი უკვე აღდეგენილი სამუშაო პროცესის შემდეგ დადგება.

„შემდეგ, როდესაც ეკონომიკა დაიწყებს გახსნას, ერთის მხრივ, ბიზნესები დადგებიან შემცირებული მოთხოვნების წინაშე, ანუ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი შეუმცირდებათ, ასევე უცხოელები, ტურისტები, ასევე ინვესტორები ბუნებრივია რომ შემცირებულ მოთხოვნას გამოამჟღავნებენ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას გარდა, ბიზნესს მიწოდების კუთხითაც შეექმნება პრობლემები იმიტომ, რომ ის ჯაჭვი, რომელიც იყო აწყობილი, კავშირები რომლებიც დამყარებული ჰქონდა ბიზნესსა და მიმწოდებელს, შესაძლოა, აღარ მუშაობდეს“.

გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რათა აღმოიფხვრას ის ჩავარდნები, რაც პოსტკრიზისულ პერიოდშია მოსალოდნელი. ბიზნესს უნდა გაუმარტივდეს ფინანსებზე წვდომა, რათა ეფექტურმა და კონკურენტუნარიანმა ბიზნესმა სწრაფად შეძლოს საკუთარი აქტივობის განახლება.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 500 მილიონ ლარს გამოყოფს. მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნას აპირებს, რაზეც 500 მლნ-დან 300 მლნ ლარს დახარჯავს.

„ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემას. ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო იქნება გარანტორი გაცემული სესხის 90%-ზე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც გარკვეული ბიზნესი დაწყებული აქვთ და ამ კრიზისულ პერიოდში გაბედავენ და ახალი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტენ“. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გამარტივდება და დაჩქარდება ხელმისაწვდომობა არსებულ საკრედიტო ხაზებზე (200 მლნ.ევრო) და ამოქმედდება მხარდაჭერის ახალი რეგიონული პროგრამა (120 მლნ. ევრო). მთლიანობაში, საქართველოსთვის ამ მიმართულებით დაახლოებით 70 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება იქნება ხელმისაწვდომი.

მარნეულში ახლა მთავარი პრობლემა ის არის, მცირე მეწარმეებმა როგორმე თავი პოსტკრიზისულ ეტაპამდე გადაირჩინონ. ავტოშემკეთებელი და სუფრის აქსესუარების გაქირავების ბიზნესის მფლობელებისთვის დღეს მომავალიც ბუნდოვანია და ბიზნესის კრიზისიდან გამოსაყვანად ფულზე ხელმისაწვდომიბის საკითხიც.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები