კვლევამ საწვავში გოგირდის მაღალი მაჩვენებელი და შეუსაბამო ოქტანობა გამოავლინა
აპრილში ჩატარებული დიზელისა და ბენზის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლეული 92 სინჯიდან, თითქმის ყოველ მესამე შემოწმებულ ნიმუშზე ფიქსირდება გოგირდის შემცველობის გადამეტება, ბენზინის შეთხვევაში კი გარკვეულ კომპანიებთან დაფიქსირდა საწვავის ოქტანობის მაჩვენებლის შეუსაბამობა კანონმდებლობასთან.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ დღეს, 3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას კონკრეტული კომპანიების შესახებ არ უსაუბრია.

მისი განმარტებით, საქართველოში გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში კანონით რეგულირდება და ის არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ზე, თუმცა გამოკვლეული ნიმუშებიდან 14 შემთხვევაში გოგირდის შემცველობა 52 მგ/კგ-დან იწყებოდა და დაფიქსირდა 850 მგ/კგ-ზე მეტიც.

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ჯარიმას, რომელიც 8 000 ლარია, არ აქვს შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი და საჭიროა გარკვეული სანქციების გამკაცრება. ჩვენთვისს ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიცირებით შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანონ და საკმაოდ მკაცრი სანქციების დაწესება”,
– განაცხადა კორკოტაძემ.

გარდა ამისა, კორკოტაძის განმარტებით, როგორც წესი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში წვის პროდუქტები გამოყოფენ აზოტის, გოგირდის და სხვა ჟანგებს, რაც მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში უარყოფითად აისახება გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

კორკოტაძის თქმით, ამ მხრივ კარგი მაჩვენებელია საწვავში ტყვიის შემცველობის მიმართულებით და 2015 წლიდან ის არ ფიქსირდება არც საწვავში და არც ატმოსფერულ ჰაერში.

ბრიფინგზე კორკოტაძემ ასევე აღნიშნა, რომ აპრილის თვის გარდა, მათ უფრო მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად 252 სინჯი აიღეს მაისშიც, რომლის საბოლოო შედეგებიც ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
წყარო: ნეტგაზეთი
Print