საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ დოლარი შეადგინა
საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება. 2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (3 377 ტონა), უკრაინასა (2 832 ტონა) და სომხეთში (1 475 ტონა), ასევე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები