კარანტინის შემდეგ კომპანიების 25%-მა და თვითდასაქმებული სუბიექტების 43%-მა საქმიანობის გაგრძელება ვერ მოახერხა
კარანტინის შემდეგ კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა.

მათგან 51%-მა კი დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ამის შესახებ აღნიშნულია pwc-ის კვლევაში, რომელიც ინვესტორთა საბჭოსა და EBRD-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, დახურული საზღვრები ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხების მიზეზი ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).

„საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითდასაქმებულ სუბიექტებს შორის ფიქსირდება. მათგან მხოლოდ 57%-მა მოახერხა საქმიანობის გაგრძელება დროებითი შეჩერების შემდეგ. ამ კომპანიების 61% ოპერირების განახლების შეფერხების მთავარ მიზეზად დახურულ საზღვრებს ასახელებს.

უმეტესად დიდი ზომის კომპანიებმა აირიდეს დახურვა კარანტინის განმავლობაში - მხოლოდ 24%-მა შეაჩერა ოპერირება. შეჩერებული დიდი ზომის კომპანიების დაახლოებით 90%-მა მოახერხა საქმიანობის განახლება.

COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 22%-მა დახარჯა 5 000 ლარზე მეტი. ხოლო დანარჩენი კომპანიების ხარჯი 0-5000 ლარამდეა.

ჩაღრმავებული ინტერვიუებისას რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ პირადი კონტაქტების გამოყენება მოუწიათ საოპერაციო საქმიანობის განახლებისთვის ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ტრანსპორტირების ნებართვის მოპოვების პროცესის დასაჩქარებლად,“-ნათქვამია კვლევაში.



ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 11 სექტემბერსა და 2 ოქტომბრის შუალედში და მასში მონაწილეობა სულ 774 კომპანიამ მიიღო (582 სრულად და 192 ნაწილობრივად შევსებული კითხვარი). კვლევა პასუხობს შემდეგ შეკითხვებს: COVID-19-თან დაკავშირებული მიმდინარე სირთულეები ვირუსთან გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯები, მიმდინარე ფინანსური ლიკვიდობის პრობლემები, ბიზნესების პროგნოზები პანდემიის სამომავლო შედეგებზე, სამთავრობო ინიციატივებით სარგებლობა და მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემები. ონლაინ კვლევასთან ერთად, დამატებით ჩატარდა ათი ჩაღრმავებული ინტერვიუ პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი საკითხების უკეთესად გასაანალიზებლად.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები