რა ღირს ბუნებრივი აირი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
საქართველო ბუნებრივი აირის სიძვირით მეზობელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. მართალია, რუსეთი და აზერბაიჯანი გაზის მწარმოებელი ქვეყნები არიან და შესაბამისად, იქ სამომხმარებლო ტარიფი ჩვენთან შედარებით დაბალია, თუმცა ჩვენზე ნაკლებს იხდიან არამწარმოებელ თურქეთშიც. საქართველოზე ძვირი გაზი მხოლოდ სომხეთში ღირს.

უფრო კონკრეტულად:

საქართველო

საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს გაზს ორი კომპანია „თბილისი ენერჯი“ და „სოკარ გაზი“ აწვდიან. თბილისში ერთი კუბური მეტრი გაზი 0,461374 ლარი ღირს, „სოკარ გაზის“ აბონენტებისთვის კი ერთი კუბური მეტრი გაზი 56,9 თეთრი ღირს.

რუსეთი

2021 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაზის ტარიფი 3% -ით გაიზარდა.

მოსკოვში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 7.04 რუბლი ღირს (0.31 ლარი). ტარიფი ძალაშია 2021 წლის 30 ივნისამდე. რეგიონებში შედარებით დაბალი გადასახდია, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ტარიფი 6,47 რუბლიდან (0.28 ლარი) 6.51-მდე მერყეობს.

სომხეთი

საჯარო სერვისების მარეგულირებლის თავმჯდომარის განცხადებით, გაზის ტარიფი სომხეთში 2021 წელს არ მოიმატებს.

კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქსელის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციებზე შეთანხმდა. მარეგულირებელმა კომისიამ გაზის ტარიფის გამოანგარიშების ახალი მეთოდიკა შეიმუშავა, რაც ტარიფის გაძვირების თავიდან აცილებას ხელს უწყობს.

სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გარეგინ ბაღრამიანის განცხადებით 2021 წელს გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი დარჩება.

1000 კუბური მეტრი - 139 ათასი დრამი. (ერთი კუბური მეტრი 0.89 ლარი), სოციალურად დაუცველი ფენებისათვის კი 1000 კუბ.მ. - 100 ათასი დრამი ღირს. (ერთი კუბური მეტრი 0.64 ლარი).

აზერბაიჯანი

4 იანვარს ბაქოში ტარიფების საბჭოს სხდომა შედგა. შეხვედრაზე სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) საბჭოს თხოვნით მიმართა, გაეზარდა ბუნებრივი გაზის ფასი ქვეყანაში.

მიუხედავად ბუნებრივი გაზის ფასების გაზრდის შესახებ წინადადების ეკონომიკური დასაბუთებისა, სატარიფო საბჭომ ფასების ზრდა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

აზერბაიჯანში ერთი კუბური მეტრი გაზი 0.1 აზერბაიჯანული მანათი (0,19 ლარი) ღირს. თუ წლიური მოხმარება 2,2 ათას კუბურ მეტრს აღემატება, გაზის ტარიფი 0,2 მანათი ხდება (0,39 ლარი).

თურქეთი

თურქეთში, შესაძლებელია გაზის ე.წ. ბალონებით ყიდვა. ცენტრალიზებული გაზით მომარაგება მხოლოდ თურქეთის ზოგიერთ ნაწილში არის შესაძლებელი. მოსახლეობა 15-30 ევროდ ყიდულობს გაზის ბალონებს, რაც საშუალო ზომის ოჯახს დაახლოებით სამი თვე ყოფნის.

ვისაც საცხოვრებელ ბინაში ან სახლში აქვს შეყვანილი ბუნებრივი აირი, 1 კუბური მეტრის ღირებულება 0,94 თურქული ლირაა. (0.44 ლარი).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები