2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით
გაიზარდა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 20-იანვრიდან
გაჩერებული ენგურჰესია.
ენგურჰესზე კი ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 30% მოდის.
„ელექტრონული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული
სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ქვეყანამ მთლიანად 414.095 მლნ კვტ/სთ
ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ
214.260 მლნ კვტ-სთ. 2021 წლის იანვარში იმპორტირებული
ელექტროენერგიიდან 63,3% რუსეთზე მოდის. გასულ თვეს რუსეთში
საქართველომ 262.315 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია იყიდა.
ამასთან, 2021 წლის იანვარში დენის იმპორტი განხორციელდა
აზერბაიჯანიდანაც, ჯამში 151.779 მლნ კვტ-სთ.
რაც შეეხება 2020 წელს, შარშან საქართველოში მთლიანად 1610.1 მლნ
კვტ-სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, სადაც აზერბაიჯანის
წილი იყო - 726.3 მლნ კვტ-სთ, რუსეთის - 570.6 მლნ კვტ-სთ და თურქეთის
- 313.1 მლნ კვტ-სთ.