გადავადებული სესხები- შეღავათის ილუზია
პანდემიურ წელს მარნეულელებმა, ისევე, როგორც დანარჩენმა მსოფლიომ, ბევრი სირთულე გამოიარეს, თუმცა ყველაზე მძიმედ მოსახლეობას მხრებზე მაინც საბანკო სესხები დააწვა. კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება და შემოსავალის კლება, მნიშვნელოვნად შეფერხდა ეკონომიკური აქტივობა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, გადაადგილებაზე შეზღუდვამ ფერმერებს პროდუქტების რეალიზაციაში შეუშალა ხელი. ამ ფონზე, პირადი საჭიროებისთვის, შინა მეურნეობისთვის, მცირე ბიზნესისთვის აღებული ვალის გასტუმრება მოსახლეობას უკიდურესად გაუჭირდა.

სახელმწიფომ გადაწყვიტა მათ დახმარებოდა და ბანკებთან შეთანხმებით, მოქალაქეებს თავდაპირველად სესხის სამი თვით გადავადება შესთავაზა. ამ შესაძლებლობით ბევრმა ისარგებლა, თუმცა, ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ.

ბექა შუბლაძემ ტურისტული ბიზნესის დაწყება, როგორც ჩანს, ცუდ დროს განიზრახა. სესხი დაუმტკიცდა, თუმცა იდეის განხორციელება ვეღარ მოახერხა. პანდემიის გამო, საზღვრები ჩაიკეტა და თვითონაც სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. მცირე მეურნეობა ჰქონდა. პანდემიისა და ჩაკეტილობის შიშმა ბექას გადააწყვეტინა აღებული სესხი სოფლის მეურნეობაში ჩაედო. თანხა არ ეყო და ვალი დაიმატა.

აპრილში საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა და მოქალაქეებს განუცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო, მსურველებს სამი თვით, საბანკო კრედიტის გადახდა გადაუვადოს. ბექამ ეს ამბავი თავიდან როგორც სამაშველო რგოლი მიიღო.როდესაც გადახდის დრო მოვიდა, აღმოაჩინა, რომ შეცდომა დაუშვა.

"ძალიან მიზერული იქნება გადავადებული თანხებიო და მიზერული კი არა, იმხელა თანხა იყო გამიკვირდა, სადღაც თვეში ვიხდიდი 622 ლარს და თვეში თითქმის 50 ლარი დაემატა. გადასახადი თუ მოემატებოდა, საერთოდ არ მაწყობდა ეგეთი რაღაცა. ბანკებმა თვითონ დაიწყეს გადავადება და არ გავუფრთხილებივართ. ყველას გადაგივადდათო, ხალხს გაეხარდა ეს გადავადება, ესემესებიც მოგვივიდა აღარ გადაიხდითო. თურმე, რომ არ გადაიხდი, იმხელა პროცენტი ემატება, რომ რა ვიცი“.
ბექა ამბობს, რომ ბანკის თანამშრომლებმა სათანადოდ ვერ აუხსნეს, რამდენად ძვირი დაუჯდებოდა ეს გადავადება. მის მდგომარეობაში მარნეულში ბევრი აღმოჩნდა. მოქალაქეებმა მხოლოდ გადახდის მომენტში გაიგეს, რომ გადავადების გამო, თვიურად გადასახადელი თანხა გაეზარდათ.

„გაიგეს ისე როგორც მათ ამის სურვილი ჰქონდათ“, - ასე აფასებს ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია. ის ამბობს, რომ შეიქმნა ილუზია, თითქოს გადავადებული სესხი მოსახლეობას ან ბიზნესს არაფერი დაუჯდებოდა.
აკაკი ცომაია ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხიმგებლობა უნდა აეღო და მოსახლებისთვის აეხსნა, თუ რას ნიშნავდა სესხის გადავადება.

ასე ხდება ყოველთვის როდესაც რაღაცის სანაცვლოდ ვიხდით გარკვეულ ფასს. ეს იყო ბანკების ინიციატივა. ადამინებმა ვერ გაიაზრეს სრულფასოვნად, რას ნიშნავდა გადავადების არსი. ეს მაინც ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო“.

ეკონომისტი და ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მოსახლების ასეთ რექციას იმით ხსნის, რომ ყოველთვიურად მოქალაქეების გადახდისუნარიანობა უარესდება. უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამინების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 65 000-ით გაიზარდა.

იმ პერიოდში როგორ უჭირდა მოსახლებას და ეს გადავადება შველა იყო. ახლა უფრო მეტად უჭირს მოსახლეობას და ახლა ხდება ამ პროცენტების ჩამოჭრა. ეს უფრო სოციალური პრობლემაა ვიდრე ეკონომიკური“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 3,4 % გაიზარდა. 1,8% იმატა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენბამ და მოსახლეობის 21,3% შეადგინა.

ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლისთვის არასწორი სტრატეგია აირჩია.
„პირველი ის რომ სექტორების სუბსიდირება არ უნდა მომხდარიყო, საბანკო სექტორის და უძრავი ქონების. ადამინებს უნდა დახმარებოდნენ მიზნობრიობიდან გამომდინარე. ადამინებისთვის უფრო მეტი ფული უნდა მიეცათ. მეორე მხრივ, საბანკო სექტორს რომ დახმარებოდნენ პროცენტები შეემცირებინათ, ბიუჯეტიდან ფული კი არ უნდა მიეცათ და ეიძულებინათ გადავადებულიყო სესხები და მერე პროცენტები დარიცხოდა ხალხს, არამედ უნდა მოეხსნათ საფინანსო შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დააწესეს და რეალურად ამის გამო პროცენტები გაიზარდა ბანკებში. შარშან საბანკო სექტორს მთავრობამ ბევრი შეზღუდვა დაუწესა. ქონების დადასტურების გარეშე არ უნდა გაეცათ სესხები, უცხოურ ვალუტაში სესხი გაცემა შეზღუდეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია პროცენტების ზრდა. უფრო ცუდი პირობებით სესხების აღება მოუწია ხალხს და ვადაგადცილებებიც გაიზარდა ამის გამო“.

დაგვიანებით გადახდილი სესხების მაჩვენებელმა ნამდვილად მოიმატა. ამაზე მეტყველებს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხები 31%-ით გაიზარდა. ეს, გარკვეულწილად, მოსახლეობის და ბიზნესის გადახდისუნარიანობის შემცირებაზე მიუთითებს.

ცხრილში მოცემულია მიმდინარე წლის 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით სასესხო პორტფელის და ვადაგადაცილების ზრდის დინამიკა .

საქართველოს ეროვნული ბანკის სესხების ტენდენციის მონაცემების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების პარალელურად, გაიზარდა ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული სესხების მოცულობა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ეს თანხა 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 30.58 მლნ ლარით (2.74%-ით) მეტია. თუმცა, ეკონომისტების და ფინანსისტების აზრით, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„სესხების ზრდის მაჩვნებლი არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მთელ მსოფლიოში სესხების აღების პროცენტულობა იზრდება და ეს ნორმალურია. მთავარია გადახდისუნარიანობა იყოს“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შემოსავლების შემცირებისა და საბანკო დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის კლების მიუხედავად, მოსახლეობა აქტიურად ანთავსებდა დანაზოგს ბანკში, როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში. ეს, შესაძლოა, იმას მიანიშნებდეს, რომ სახსრების ბიზნესში ჩადება უფრო სარისკოა, ვიდრე ბანკში შენახვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სესხების ტენდენციის მონაცემების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების პარალელურად, გაიზარდა ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული სესხების მოცულობა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ეს თანხა 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 30.58 მლნ ლარით (2.74%-ით) მეტია. თუმცა, ეკონომისტების და ფინანსისტების აზრით, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სესხების ზრდის მაჩვნებლი არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მთელ მსოფლიოში სესხების აღების პროცენტულობა იზრდება და ეს ნორმალურია. მთავარია გადახდისუნარიანობა იყოს“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შემოსავლების შემცირებისა და საბანკო დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის კლების მიუხედავად, მოსახლეობა აქტიურად ანთავსებდა დანაზოგს ბანკში, როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში. ეს, შესაძლოა, იმას მიანიშნებდეს, რომ სახსრების ბიზნესში ჩადება უფრო სარისკოა, ვიდრე ბანკში შენახვა.

ტარიელ მუსაევმა მესამე წელია რაც მარნეულში აუზი გახსნა. ღია ტიპის აუზის მუშაობა მხოლოდ მზიან ამინდებზეა დამოკიდებული. ამ ბიზნესის დასაწყებად ტარიელმა უცხოურ ვალუტაში დიდი სესხი აიღო. 2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, აუზების მუშაობა აიკრძალა. დაწესებული შეზრუდვების გამო, ბიზნესმენს ხარჯი ჰქონდა, შემოსავალი კი არა. აუზი, რომელიც ისედაც ხუთ თვეზე იყო გათვლილი, შარშან მხოლოდ სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ზარალი დიდი იყო. ტარიელი ამბობს, რომ ინფორმაციამ გადასახადების გადავადების თაობაზე გაახარა. ბანკში მისულს კი იმედი გაუცრუვდა.

შევადარე გადახდის გრაფიკები და მივხვდი, რომ უფრო ძვირი დამიჯდებოდა. ამიტომ გავიჭირვე და სხვა შემოსავლებიდან ვარჩიე გადახდა. დღეს, ცხადია, ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. თუმცა ის თანხა მაშინ რომ არ მქონოდა, ალბათ, მომიწევდა მეც გადავადება“.
ტარიელი, როგორც ტურისტული ობექტის მფლობელი, სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამაში აპირებს ჩართვას. ის სესხზე მთავრობის სუბსიდიით ექვსი თვის განმავლობაში ისარგებლებს. 

„რაც დღეს მე დამითვალეს, ამ სუბსიდირების დახმარებით, გამოდის, რომ ჩემი კრედიტის მხოლოდ ერთი თვე იქნება გადახდილი. ამისთვის მადლობა. თუმცა ჩვენმა ბიზნესებმა ყველაზე დიდი ზარალი მიიღეს და მთავრობისგან უფრო მეტი დახმარება გვეკუთხვნის“, - ამბობს მუსაევი

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სასტუმროს სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე მთავრობამ ბიუჯეტიდან 60 000 000 ლარი გამოყო. ვინაიდან ტარიელ მუსაევის აუზი სასტუმრო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, მან პროგრამაში ჩართვა შეძლო. 2020 წლის მონაცემების თანახმად, ამ შეღავათით 900მდე ბიზნეს-სუბიექტმა ისარგებლა. bm.ge-მ იმ ორგანიზაციების სია გამოითხოვა, ვინც 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სუბსიდირებით ისარგებლა. ჩამონათვალში მარნეულიდან არც ერთი ბიზნეს-ოპერატორი არ არის.

პანდემიამ ყველა სფერო დააზარალა, თუმცა ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება საბანკო და ტურისტული სექტორის ზარალი ერთმანეთს შევადაროთ. მკვეთრად შემცირდა საბანკო აქტივების ღირებულება, ისევე, როგორც შემოსავლები. ვალუტის კურსის გაუფასურება ურტყამს როგორც მოქალაქეებს, ასევე საფინანსო სექტორს.

სახლს რომ ქირაობთ ფულს ხომ იხდით? ფულს რომ ქირაობთ, რატომ უნდა იყოს უფასო? ეს ერთი და იგივეა! ვინც დღეს უკმაყოფილოა ბანკებთან ურთიერთობით, დადანაშაულება ბანკების არანაირად არ შეიძლება და თუ ვინმე დამნაშავეა, ეს მხოლოდ სახელმწიფოა, თავისი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით. ზოგადად ბანკები წაგებაზე არ წასულან. საბანკო სისტემამ ისეთი კარგი რეფორმა განიცადა 2000 წლების დასაწყისში, რომ ეს კრიზისი არ იყო ბანკებისთვის ისეთი მტკივნეული, როგორც მოსახლებისთვის“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული უამრავი ბიზნესისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საბანკო სექტორმა 2020 წელი მოგებით დაასრულა (მოგებამ 99.26 მლნ ლარი შეადგინა). თუმცა, 2021 წლის მარტში დიდი იყო ზარალიც - 943 000 000 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდ წილს სესხების დარეზერვების (გადაუხდელი სესხების დასაფარი რეზერვი) ხარჯი შეადგენდა. საბანკო სექტორის მოგება მინიმალურია, რადგან 2019 წელთან შედარებით, სხვაობა 89.59%-ს შეადგენს. მოგების გენერირებაშიკი მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულმა სესხებმა შეიტანა.

ფიზიკური და იურიდიული პირები დანაკარგის ანაზღაურებისგან ჯერ შორს არიან. სახელმწიფოს ერთჯერადმა დახმარებამ, სესხის სუბსიდირების სახით, ბიზნეს ოდნავი შვება მისცა, ხოლო ბექა შუბლაძისნაირ ადამიანებს, რომლებსაც ბანკის ვალი გაზრდილი თვიური გადასახადით კვლავ მძიმე ტვირთად აწევს მხრებზე, უბრალოდ დახმარების ილუზია შეუქმნა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები