როგორ იმოქმედებს „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა საქართველოზე
2021 წლის მიწურულს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა „ზანგეზურის დერეფნის“ გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. გორადის-ჯებრაილ-ზანგილან-აღადის გზა ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის შემადგენლობაში შედის, ისევე როგორც აჰმედბელი-ფიზული-შუშას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

„ზანგეზურის დერეფნი“ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სომხეთი თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, სომხეთის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა დადებული, მაგრამ ბიზნეს სექტორის ნაწილი უკვე ემზადება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისათვის.

36 წლის თურქეთის მოქალაქე ჯან დემირლი (სახელი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) 18 წელია რაც ლოჯისტიკურ სექტორში მუშაობს. ტრაილერები, გემი, რკინიგზა - ჯანის კომპანია ყველა სახის საშუალებას იყენებს საკუთარი პროდუქციის გადაზიდვისათვის. თურქული კომპანია აზერბაიჯანსა და საქართველოში მუშაობს. ჯანი ამბობს, რომ კომპანიის საქართველოს ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, რადგან მათი ყველა სატვირთო მანქანა საქართველოში ბათუმიდან შემოდის.

„აზერბაიჯანში გაგზავნილ სატვირთო მანქანებს თუ ახალი გახსნილი კორიდორით გავგზავნით საქართველოში შემოსვლა აღარ მოუწევთ და აზერბაიჯანიდან პირდაპირ თურქეთში გადავლენ. რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის უკეთესია, მაგრამ მე ამას ვამბობ აზერბაიჯანული ფილიალის მიმართულებით. საქართველოს ოფისს ამასთან დაკავშირებით დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან ისედაც სარფის საბაჟოს ვიყენებთ. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ოფისი კორიდორის გახსნასთან დაკავშირებით უკვე მუშაობს და დიდი გეგმები გვაქვს. აზერბაიჯანის ტრანსპორტირების უმეტესობას, დაახლოებით 60-70%-ს, ახალი კორიდორით გავიყვანთ, დანარჩენს კი საქართველოს გავლით გავატარებთ. საქართველოს კარი, საქართველოს კორიდორი ჩვენთვის როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი კორიდორია. მაგრამ ზენგეზურის და ყარაბაღის კუთხესაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, გეგმებიც გვაქვს“.

„ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა გარკვეულწილად საქართველოზეც მოახდენს გავლენას, რადგან სამხრეთ კავკასიაში საქართველოზე გამავალ სატრანზიტო სისტემებს კონკურენტი გამოუჩნდება. ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ემილ ავლადიანი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველომ საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისათვის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

„ამ ეტაპისთვის როგორი ტენდენციაც გვაქვს განცხადებებში და პოლიტიკურ ნაბიჯებში, თუ ამას განვიხილავთ, ალბათ 2022 წელს უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა, რომ ეს დერეფანი გაიხსნას. თუ როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე ამის თქმა დარწმუნებით არ შეგვიძლია, თუნდაც რომ გაიხსნას რამდენად იქნება თურქეთი და აზერბაიჯანი მაინც და მაინც დაინტერესებული იმით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ დერეფნით გავიდეს ყველაფერი. დიდი ალბათობით დერეფანი მაინც ამუშავდება, დიდი ალბათობით რაღაც ნაწილი მაინც ჩამოშორდება ქართულ სატრანზიტო სივრცეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აჩვენებს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს თავისი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უფრო მეტად, ვიდრე დღეს მას ეს აქვს. ვგულისხმობ გზების, რკინიგზების და პორტების განვითარებას და აშენებას“.

ავლადიანის განმარტებით, „ზანგეზურის კორიდორის“ გახსნა ოფიციალური თბილისისათვის სტიმული უნდა იყოს, რათა მან არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში მყოფი ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ საქართველო მიესალმება ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. სამინისტროს განმარტებით, საქართველო პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად სამხრეთ კავკასიის დერეფნის აქტიურ პოპულარიზებას ეწევა და ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„რეგიონში დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრეების ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას და თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებასა და სატრანზიტო მოცულობების გაზრდაში.
აქედან გამომდინარე, რეგიონულ დონეზე ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება, სატრანსპორტო ოპერაციებისა და მომსახურების გაძლიერება მნიშვნელოვანი საფუძველია საერთაშორისო მარშრუტებში სამხრეთ კავკასიის როლის გაზრდის, კონკურენტული უპირატესობის მუდმივი განვითარებისა და შენარჩუნების, ასევე ტვირთების მზარდი მოცულობის უზრუნველსაყოფად“.
- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ რადიო „მარნეულისათვის“ მიცემულ კომენტარში

გეოგრაფიული თვალსაზრისით „ზანგეზურის კარიდორის“ მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში ჩასვლა უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე საქართველოს გავლით მგზავრობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს აქვს უპირატესობა, რადგან ქვეყანაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.

ყარაბაღის მეორე ომის შემდგომმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონს ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით ბიძგი მისცა. „ზანგეზურის დერეფნის“ დახმარებით სამხრეთ კავკასიაში უფრო მეტად განვითარდება ინფრასტრუქტურა. რადიო „მარნეულს“ ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ეუბნება, რომ ახალი კორიდორი სამხრეთ კავკასიის რეგიონს სხვა დიდი სახელმწიფოებისათვის უფრო მეტად გახსნის.

„აქამდე ძალიან რთული იყო ამ რეგიონში შეღწევა. მხოლოდ რუსეთს შეეძლო ეს ჯარებით და თურქეთს შეეძლო, რომელმაც გაიყვანა ნავთობსადენები და გაზსადენები და რკინიგზები საქართველოს გავლით აზერბაიჯანამდე. დღეს, მეორე ყარაბაღის ომის შემდგომ ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ უკვე მეორე დერეფანი შეიძლება გაიხსნას. თუ ამ ტენდენციას დღევანდელ პერსპექტივაში განვიხილავთ შესაძლებელია რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები. ეს ინფრასტრუქტურული კუთხით რეგიონისათვის დიდი წარმატება იქნება, რადგან აქამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რეგიონს ამის შესაძლებლობა არ გააჩნდა“.

მიუხედავად იმისა, რომ „ზანგეზურის კორიდორის“ გახსნამ შესაძლოა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფრასტრუქტურა განავითაროს, გეოპოლიტიკური მიმართულებით რეგიონი მაინც დგას გარკვეული წინაღობების წინაშე.

„ზოგადი დახასიათება ამ გეოპოლიტიკური ტენდენციების არის შემდეგი, რეგიონი შესაძლოა ჩაკეტილი იყოს მეზობელი დიდი ქვეყნების მიერ. რუსეთი, ჩინეთი და ნაწილობრივ თურქეთიც მიიღებს ამაში მონაწილეობას. ნაწილობრივ, რადგან თურქეთს არ აწყობს ამ რეგიონის სრულად ჩაკეტვა და დასავლეთის გასვლა, რადგან დასავლეთი ეხმარება თურქეთს დააბალანსოს რუსული გავლენა, მაგრამ რუსეთს და ირანს სრულად აწყობს, რომ დასავლეთი ჩამოშორებული იყოს ამ რეგიონიდან. ეს იქნება ახალი წესრიგი, რომელიც რუსეთს სურს რომ თვითონ მართოს სათავიდან, ირანი ეხმარებოდეს გარკვეულ საკითხებში, ასევე თურქეთიც და ამით სამი პატარა ქვეყანა, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთო, ჩაიკეტოს სამი მეზობლის მიერ და აი ამ ჩაკეტვაში ვგულისხმობთ იმას, რომ ამ რეგიონს, რუსული ხედვის მიხედვით, უნდა ჩამოშორდეს არარეგიონალური ძალები და არარეგიონალურ ძალებში რუსეთი, პირველ რიგში, მიიჩევს კოლექტიურ დასავლეთს, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ესაა პრობლემური საქართველოსთვის, ნაკლებად პრობლემურია აზერბაიჯანისათვის, ხოლო სომხეთი სადღაც შუაშია, მაგრამ ნაწილობრივ სომხეთიც იმის მომხრეა, რომ აქ მეტი დასავლეთი იყოს. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამ გათამაშებაში საქართველო დაზარალდება, რადგან ჩვენ მაინც ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები ვართ დასავლეთის და დასავლეთიც ჩვენი მხარდამჭერია“.

ომის შემდგომ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებში ძირითადად ჩართული არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი. საქართველოს ოთხივე მეზობელი მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან და სამხრეთ კავკასიის ბედს განიხილავენ, ამასობაში კი საქართველოს მთავრობა აქტიური დიპლომატიური როლის შემსრულებელი არაა. საქართველოს ხელისუფლება ძირითადად შიდა პრობლემებზეა ორიენტირებული, ხოლო სამეზობლოს საქმეებში ჩარევა და მათი განხილვა დიდად არ სურს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები