დღეიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 525 დოლარამდე იზრდება
დღეიდან, 1-ლი ივნისიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 153 დოლარით, ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე ზრდის. მზესუმზირის შროტზე კი - 96,3 დოლარიდან 105 დოლარამდე ტონაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აპრილში და მაისში საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში - 251 დოლარი, იანვარში - 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში - 276,7 დოლარი, ნოემბერში - 194,5 დოლარი, ოქტომბერში - 227,2 დოლარი, სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე.

მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემოვიდა. „მზესუმზირის დემპფერის“ მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო. თუმცა მარტსა და აპრილში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში 511 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 820,9 ათასი დოლარის ღირებულების. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყანამ აზერბაიჯანში იყიდა - 270,9 ტონა, 495,8 ათასი დოლარის ღირებულების. რუსეთიდან იმპორტმა კი 239 ტონა შეადგინა, ჯამში 322,7 ათასი დოლარი.

აპრილში კი საქართველომ 1 368 ტონა ზეთი იყიდა, ჯამში 2,592 მლნ დოლარის ღირებულების, აქედან 795,5 ტონა - 1,444 მლნ დოლარის ღირებულების რუსეთში, 562,1 ტონა - 1,126 მლნ დოლარის ღირებულების კი აზერბაიჯანში შეიძინა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები