„ალბათ, დასაქმებულების რაოდენობას 70%-ით შევამცირებთ“ - როდემდე შეძლებს წისქვილკომბინატი „ბარაქა“ ფუნქციონირებას
რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა საბაჟო გადასახადმა ქვეყნაში წისქვილების უმეტესობის გაჩერება გამოიწვია. ბაზარზე დარჩენილი 4 დიდი წისქვილკომბინატიდან ერთ-ერთი ფუნქციონირების შეჩერებას მაისის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ,,ბარაქას" დირექტორი ლადო ბიძინაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ დარჩენილი ნაშთებით 2 კვირა კიდევ შეძლებენ მუშაობას.

„ბაზარზე არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, არსებული ნაშთებით ფუნქციონირებას კიდევ 2 კვირა გავაგრძელებთ. ივნისის შუა რიცხვებიდან კი, ახალი კონტრაქტები აღარ გვაქვს. რეალობაც იგივეა, კვლავ დემპინგურ ფასად შემოდის ფქვილი და კვლავ მაღალია რუსეთის საბაჟოზე ხორბლის გადასახადი.

ამ ეტაპზე 100 ადამიანია ჩვენი დასაქმებული, რომლებიც წარმოებასა და რეალიზაციაში არიან ჩართული. ალბათ, დასაქმებულების რაოდენობას 70%-ით შევამცირებთ. სიმართლე გითხრათ, არაფრის მოლოდინი არ გვაქვს და როგორც არაერთხელ ვთქვი, სახელმწიფოსაც სურვილის შემთხვევაში აქამდე ექნებოდა ნაბიჯები, რომლებიც დარგს შეეხიდებოდა" - განაცხადა ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია.ხორბლისგან განსხვავებით იზრდება ფქვილის იმპორტი - მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე, 1 452 ტონაზე, 1020%-ით მეტია.

წყარო: BPN
Print