დღეიდან ონლაინ-მაღაზია ვალდებულია გაყიდული ნივთი 14 დღის ვადაში დაიბრუნოს - რა ახალი უფლებები გაუჩნდა მომხმარებელს
დღეიდან ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. აღნიშნულს გულისხმობს „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დღეიდან, 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება არის კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც განაცხადების განხილვას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.

„პირველი ივნისიდან დაიწყება შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება, შევუშავდება კანონქვემდებარე აქტი - საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის თაობაზე. საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის, დანერგვის მიზნით, დღის წესრიგშია თანამშრომელთა გადამზადების საკითხი. კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების, სხვადასხვა საოპერაციო საკითხების განხილვის მიზნით, სექტემბრიდან დაიწყება ბიზნეს სექტორთან და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრების რეჟიმი.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის შესწავლის პროცესი მოიცავს 1 თვეს, რომელიც მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვემდე.

დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. დაკისრებული ჯარიმა მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს,“
- აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს. თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოაჩენის შემთხვევაში - მტკიცების ტვირთი მომხმარებელზე გადავა. ასევე ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში შემოდის პროდუქციის უპირობო დაბრუნების 14 დღიანი ვადა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები