ელექტრონული კომუნიკაციების დარგში 2021 წელს 289 მოქმედი პირი
დაფიქსირდა, თუმცა დარგში 100 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მხოლოდ სამმა
კომპანიამ დააგენერირა,
ესენია: "მაგთიკომი", "ვიონი" და "სილქნეტი". მათ მიერ მიღებულმა
ჯამურმა შემოსავალმა დარგის მთლიანი შემოსავლის 84% შეადგინა. ამის
შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშში,
რომელიც უწყებამ 1 ივნისს გამოაქვეყნა.
მთლიანობაში 2021 წელს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებელი პირების შემოსავალი 1, 267 მლნ ლარი იყო. 2020 წელთან
შედარებით ზრდა 114 მილიონი ლარია.
მობილური აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის ბოლოსთვის 5.5 მლნ
შეადგინა, რაც ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთ
მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს; მოხმარებელმა იცის
საბაზრო ტარიფები და საჭიროების მიხედვით მისთვის ხელსაყრელ პაკეტს
არჩევს.
რაც შეეხება უშუალოდ მობილურ ოპერატორებს შორის ბაზრის გადანაწილებას
- აბონენტებისა და შემოსავლების მიხედვით "მაგთიკომი" ლიდერობს. 2021
წელს მობილურმა ოპერატორებმა 2020 წელთან შედარებით 12%-ით მეტი, 555
მილიონი ლარის საცალო შემოსავლი მიიღეს - აქედან “მაგთიკომის” საბაზრო
წილი 47% იყო, “სილქნეტის” - 35%, “ვიონი საქართველოზე” კი შემოსავლის
18% მოდიოდა.
კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ სწრაფი ზრდის ტემპით
ხასიათდება მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობაც. 2021 წლის
ბოლოს მობილური ინტერნეტით 3 მილიონ 750 ათასი აბონენტი სარგებლობდა,
რაც 2020 წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონი აბონენტით მეტია.
უშუალოდ მობილური იბნტერნეტ მომსახურებიდან კომპანიებმა 250 მილიონი
ლარი მიიღეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 58 მილიონით მეტია. ყველაზე
მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი 2020 წლის მსგავსად "სილქნეტს"
ჰყავდა.