ნარმანია - რუსეთზე გარკვეული სანქციის შედეგად თუ დენს ვერ შემოვიტანთ, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება
რუსეთზე გარკვეული სანქციის შედეგად თუ დენს ვერ შემოვიტანთ, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.

„საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ არის ძალიან მაღალი. გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რუსეთიდან კი ენერგომატარებლები მხოლოდ სისტემის სტაბილურობისთვის შემოგვაქვს.

„რუსეთი არც ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაც. თუ იქნება გარკვეული ტიპის სანქციები და რუსეთიდან დენი აღარ შემოვა, ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება, როცა ქვეყანა აუქციონს აცხადებს შემოტანაზე, ხშირად რუსული ელქტრო ენერგია უფრო იაფია და ამიტომ შემოდის, თუმცა ალტერნატივები არსებობს”, - ამბობს ნარმანია.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, იმპორტირებულ ელექტროენერგიაში ჩრდილოელ მეზობელთან შეძენილი დენის წილი საკმაოდ მაღალია. ხშირ შემთხვევაში თითქმის 100%-ს საქართველო რუსეთში ყიდულობს. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი, ხშირ შემთხვევაში ნახევარზე მეტი ოკუპირებულ აფხაზეთს ხმარდება. მაგალითად, 2022 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთში 906,6 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც 652,1 მლნ კვტ-სთ აფხაზეთში შევიდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები