საქართველოს მთავრობა ახალი თბოსადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის
შესახებ მთავრობის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენილ
ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, “გარდაბანი 3”-ის და “გარდაბანი 4”-ის
თბოსადგურების პროექტებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მუშაობა
უკვე დასრულებულია.
ამ ორი თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატ საათი უნდა
იყოს.
“მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის
ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურების
(გარდაბანი 3 და გარდაბანი 4) მშენებელობაზე, დაახლოებით 500 მგვტ
დადგმული სიმძლავრით. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მუშაობა
ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.
პროექტს საქართველოს სახელმწიფო კომპანია “ნავთობისა და გაზის
კორპორაცია” (GOGC) ახორციელებს. გარდაბანში სახელმწიფო საკუთრებაში
ორი თბოელექტროსადგური - “გარდაბანი 1” და “გარდაბანი 2” უკვე
რამდენიმე წელია მოქმედებს. "გარდაბანი 1"-ის 230-მეგავატიანი სადგური
სახელმწიფო დაკვეთით თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-იმ $220 მილიონ
დოლარად ააშენა, “გარდაბანი 2”-ის სადგური კი ჩინურმა ფირმა China
Tianchen Engineering Corporation-მა $180 მილიონად ააშენა. ახალი
თბოსადგურების მშენებლობა სწორედ არსებული გენერაციის ობიექტების
მიმდებარედ მოხდება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “გარდაბანი 3”-ის 272-მეგავატიანი
თბოსადგურის მშენებლობისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წელს იყო
გამოცხადებული და 2020 წლის ნოემბერში სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს წარედგინა ინფორმაცია, რომ მასში თურქულმა კომპანია ÇALIK
ENERJİ-იმ გაიმარჯვა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად
ააშენებდა. თუმცა, 2021 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ÇALIK
ENERJİ-ის სატენდერო წინადადება უარყოფილი იყო.
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოცხადდება “გარდაბანი 4”-ის მშენებლობის
ტენდერი, ასევე უცნობია როდის გამოცხადდება “გარდაბანი 3”-ის
თბოსადგურის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია.