წელს მთავრობამ მილიარდ ლარზე მეტი შიდა ვალი აიღო
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალის მოცეულობა სწრაფი ტემპით იზრდება. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვრიდან 15 ივნისამდე ხელისუფლებამ შიდა ვალის სახით დაახლოებით 1,132 მლრდ ლარი აიღო. აქედან, 235 მლნ ლარი მთავრობამ სახაზინო აუქციონების სახით ისესხა, ხოლო დანარჩენი 897 მლნ ლარი ხელისუფლებამ სახაზინო ობლიგაციების სახით მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში აღებული შიდა ვალის მოცულობა დაახლოებით 465 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წელს აღებული შიდა ვალის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 667 მლნ ლარით გაიზარდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. როგორც წესი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით.

რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციას, იგი არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები