ევროკავშირმა პირველ კვარტალში TAP-ით 2,1 მლრდ ევროს აზერბაიჯანული გაზი შეისყიდა
ევროკავშირის ქვეყნებმა ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) გავლით აზერბაიჯანული გაზის შეძენაზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2,1 მლრდ ევრო დახარჯეს. ამი შესახებ ევროპის გაზის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ევროკომისიის კვარტალურ ანგარიშში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მთლიანობაში გაზის იმპორტზე წლის პირველ თვეებში ევროკავშირმა, დაახლოებით, 78 მლრდ ევრო დახარჯა, საიდანაც 26,5 მლრდ ევრო რუსეთის, 19,2 მლრდ ევრო ნორვეგიის, 5,4 მლრდ ევრო ჩრდილოეთ აფრიკის (ალჟირისა და ლიბიის), ხოლო 2,1 მლრდ ევრო TAP-ის წილია. თხევადი ბუნებრივის გაზის (LNG) სახით ევროკავშირმა პირველ კვარტალში, დაახლოებით, 33 მლრდ ევროს მოცულობა შეისყიდა.

ევროკომისიის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება წლის განმავლობაში გაიზარდა და თუ გასული წლის პირველ კვარტალში 10 ტვტ/სთ-ს (ტერავატს საათში) შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით, 24 ტვტ/სთ-ს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში TAP-ით გაზის მიწოდების წილმა მთლიანი მიწოდების 2.5% შეადგინა, რაც წინა წელს 1.2% იყო.

„TAP გაზის სამხრეთ დერეფნის გავლით აზერბაიჯანის რესურსებზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია,“ - წერია ევროკომისიის ანგარიშში.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია აზერბაიჯანული გაზის კონკურენტუნარიანობა, რომელსაც ანგარიშის ავტორები გრძელვადიან კონტრაქტებს უკავშირებენ. მათი ფასები, ადგილობრივ კონტრაქტებთან შედარებით, უფრო დაბალია.

TAP-ის გაზსადენით იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში აზერბაიჯანული გაზის მომხმარებლებისთვის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. 2021 წელს აზერბაიჯანმა ევროპაში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში 2,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაქაჩა. მოელიან, რომ წელს ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

TAP-ის მთლიანი სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვაზე, ხოლო 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე გადის. TAP აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდების ინფრასტურქტურაა, რაც გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტში ბოლო კომპონენტია. გაზსადენი შაჰ-დენიზის საბადოდან წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა. მისი გამტარუნარიანობის გაორმაგება, ანუ წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა შესაძლებელია.

პროექტის თანამფლობელი კომპანიები, SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%) არიან. პროექტის ღირებულება 4,5 მლრდ ევროს შეადგენს. TAP-ს საძირკველი 2016 წლის 17 მაისს, საბერძნეთში ჩაეყარა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები