სერბეთი, რომელიც რუსულ გაზზეა დამოკიდებული, ბუნებრივი აირის შეძენას აზერბაიჯანისგან გეგმავს
სერბეთი, რომელიც მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, 2023 წელს ბუნებრივი აირის შეძენას აზერბაიჯანისგან გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი სერბეთის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მინისტრ ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებით, სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება მომავალ წელს დასრულდება.

„ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რათა გაზის მოცულობები მომავალი წლისთვის დავჯავშნოთ, რადგან სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება მომავალ წელს სექტემბერში დასრულდება“, – განაცხადა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიჰაილოვიჩმა.

გასულ კვირას საბერძნეთმა და ბულგარეთმა დიდი ხნით გადავადებული პროექტი - გაზის მილსადენის მშენებლობა დაასრულეს, რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ჩრდილოეთ საბერძნეთიდან ბულგარეთში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სერბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, როდესაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, სერბეთი ასევე შეძლებს ბუნებრივი აირის საბერძნეთიდან მიღებას.

„ეს დამაკავშირებელი მილსადენი ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სერბეთი ამჟამად აკეთებს, როდესაც ვსაუბრობთ გაზის წყაროების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ზორანა მიჰაილოვოჩმა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები