საარსებო მინიმუმი საქართველოში რეკორდულ 255 ლარამდე გაიზარდა
2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10.2 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 245.1 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 40.8 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის ივნისში საარსებო მინიმუმი 214.5 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში მაისთან შედარებით, 9.1 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 217 ლარის ნაცვლად, 226.1 გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 190 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები