საქართველოში კვერცხის იმპორტი 614%-ით გაიზარდა, ფასი კი გაძვირდა - საიდან შემოგვაქვს პროდუქტი
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კვერცხის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ 614.7 ტონა კვერცხი იყიდა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე, 86 ტონაზე, 614%-ით მეტია.

რაც შეეხება საიმპორტო ღირებულებას, კვერცხის შემოტანაზე ქვეყანამ 2.33 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. გამოდის, რომ ერთი ტონა კვერცხის საშუალო ფასი წელს 3,783 დოლარამდეა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის საშუალო ფასზე, 2,037 დოლარზე, თითქმის 86%-ით მეტია.

ქვეყნების სია, საიდანაც საქართველოს პროდუქტი შემოაქვს, შემდეგნაირად გამოიყურება:
  • თურქეთი - 394.1 ტონა;
  • უნგრეთი - 157.7 ტონა;
  • ბულგარეთი - 25.5 ტონა;
  • რუსეთი - 23.2 ტონა;
  • ნიდერლანდები - 14 ტონა.
აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში საქართველოში კვერცხის მეორე უმსხვილესი შემომტანი უკრაინა იყო, 2016-2019 წლებში კი საერთოდ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ომმა გადაზიდვები შეაფერხა და საქართველოს სხვა ქვეყნებიდან დასჭირდა იმპორტის გაზრდა.

პროდუქტზე ფასების ზრდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო - მიწოდების ჯაჭვების რღვევას, სამუშაო ძალის სიმცირეს, ელექტროენერგიისა და ფრინველთა გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის გაძვირებას თან ქათმის გრიპი დაერთო აშშ-სა და საფრანგეთში. სავარაუდოა, რომ საქართველოში იმპორტის გაძვირებაც ამ საერთაშორისო ფაქტორებითაა განპირობებული.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები