მთაწმინდიდან რუსთაველზე ჩამოსვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი — კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, როგორც მერი ამბობს, მთაწმინდიდან რუსთაველზე და პირიქითი მოხვედრა 4 წუთში იქნება შესაძლებელი.

როგორც კალაძემ დღეს, 22 მარტს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საბაგირო საათში 1100 მგზავრს მოემსახურება.

„გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით — ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო“, — თქვა თბილისის მერმა.

მერიისვე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი,
მარშრუტის სიგრძე კი 845 მეტრი იქნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print