კვირის ბოლოს გვეცოდინება, როდის გავხსნით - გზების დეპარტამენტი რიკოთის ავტობანზე
რიკოთის ავტობანი ავტომობილებისთვის კვლავ ჩაკეტილია, საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღეს, 3 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის იქნება შესაძლებელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის განახლება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა დღეს მედიას უთხრა, რომ რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის აუცილებლობა მეწყრული პროცესების განვითარებით იყო განპირობებული და ახლა ამ მონაკვეთზე ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები ატარებენ კვლევებს.

"თოვლის დნობის შედეგად გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია", - თქვა გიორგი წერეთელმა.

რიკოთის მონაკვეთი 30 მარტის შემდეგ არის ჩაკეტილი ავტომობილებისთვის და მგზავრები გადაადგილდებიან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით, რომლის საფარიც რიგ ადგილებში ასევე დაზიანებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე, ანუ იქ, სადაც არსებობდა მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე, გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print