გმირთა მოედანზე შუქნიშანი მოეწყობა — მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე, მოძრაობის დარეგულირების მიზნით, შუქნიშანი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას.

კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“,
– განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, უკვე მომზადებულია სიმულაციური მოდელირებაც, „რაც შერჩეული გადაწყვეტის ეფექტიანობაზე მიუთითებს“.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები