მეტყველების და ხელოვნების გაკვეთილები მარნეულში (+ ვიდეო)


როგორ უნდა ისაუბრო სწორად, ისუნთქო სწორად, გამართულად გამოთქვა თანხმოვანი და ხმოვანი? - სწორედ ამ თემებზე ესაუბრებოდა სერიალ „შუა ქალაქის“ მსახიობი თამუნა ნიკოლაძე დღეს მარნეულელ ახალგაზრდებს.

ნიკოლაძე, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ქეთევან ღლონტის სახელით იცნობს, მარნეულში, ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ შეხვდება ახალგაზრდებს.

„ეს არის არაჩვეულებრივი პროპაგანდა, რომ ადამიანი გახდეს კიდევ უფრო კულტურული და კიდევ უფრო განათლებული.“ - ამბობს თამუნა ნიკოლაძე

მსახიობი მარნეულში „კულტურის ცენტრის“ პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც ახალგაზრდებში შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებას, ხელოვნების პროპაგანდასა და ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.

მართალია, პროექტი მხოლოდ ერთი თვე გრძელდება და მეტყველების კულტურის შესწავლა დროის ასეთ მცირე მონაკვეთში თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ნიკოლაძე იმედოვნებს, რომ მისი ლექციები ახალგაზრდებს სწორ მიმართულებას მისცემს.

„მე ყოველ შემთხვევაში იმის იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდებში ძალიან საინტერესო მარცვალს ჩავაგდებ, დავტოვებ ძალიან სწორ მიმართულებას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მონდომებული და თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდა ამ ვარჯიშებს სახლში გაიმეორებს, რაც შემდგომ მთელი ცხოვრება გამოადგება“, - თქვა თამუნა ნიკოლაძემ

პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, გაეცნონ ისეთ სახელოვნებო დარგებს როგორიცაა: კინოხელოვნება, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, თეატრი. დაესწრონ მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის მოკლე კურსს. თამუნა ნიკოლაძის გარდა, მარნეულელ ახალგაზრდებს ლექციებს წაუკითხავენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლაშა ჩხარტიშვილი და ლელა ოჩიაური.

„ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით თითოეული მოქალაქე, ვინც მასში მონაწილეობას მიიღებს, მნიშვნელოვან შენაძენს მიიღებს. ისინი გაიმრავალფეროვნებენ თავიანთ შემეცნებით თვალსაწიერს და მიიღებენ ძალიან საინტერესო და კარგ ინფორმაციას.“ - გვეუბნება მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნატო შავიშვილი

„კულტურის ცენტრის“ დირექტორი განმარტავს, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება, 12 წლიდან ზევით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ლექციები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათ 13:00 წუთზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.


ადიო „მარნეული“

Print