სიახლე
არაქართულენოვანო სკოლების მოსწავლეებისათვის კონკურსი „მე ვწერ ქართულად“ დაიწყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, კონკურსი სახელწოდებით „მე ვწერ ქართულად“ გამოცხადდა.


კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება და წახალისებაა.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:
  • პირველი ეტაპზე თითოეულმა არაქართულენოვანმა სკოლამ/სექტორმა უნდა შეარჩიოს და შესაბამის რესურს-ცენტრს წარუდგინოს IX კლასის მოსწავლის ერთი კანდიდატურა. სკოლა თავისუფალია შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში.

  • მეორე ეტაპზე სკოლებიდან წარმოდგენილ მოსწავლეებს თითოეულ რესურს-ცენტრში ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის, 120/130 სიტყვის მოცულობის ტექსტის კარნახი. შედეგად, თითოეული რესურს-ცენტრის მიერ ორი გამარჯვებული გამოვლინდება.

  • მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საშუალო სირთულის ტექსტის კარნახი შეზღუდულ დროში, რომლის გამარჯვებულებიც კიდევ ერთ, 150 სიტყვის მოცულობით რთული ტექსტის კარნახს დაწერენ. ტექსტებს თანამედროვე მწერალი შეადგენს.
საბოლოოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კომისია 3 გამარჯვებულს 14 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოავლენს.

გამარჯვებული კონკურსანტები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.



FaceBook Twitter Google