მე-12 კლასელების გამოცდების გაუქმებას პარლამენტი მესამე მოსმენაზე გადაწყვეტს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი, რომელიც დღეს მესამე მოსმენით ჩავარდა, ახლო მომავალში განმეორებით კენჭისყრაზე გავა.

“წარდგენილი კანონპროექტი ნიშნავს, რომ 8 კატის გამოცდა, ანუ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები უნდა გაუქმდეს. პარლამენტმა პირველ-მეორე მოსმენაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და დადებითად შეაფასა ეს ინიციატივა. ახლა დაველოდებით მესამე მოსმენას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

შეკითხვაზე, მესამე მოსმენით ხომ ჩავარდა კანონპროექტი და აქვთ თუ არა გარანტირებული მე-12 კლასელებს, რომ წელს არ ჩააბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს, ნათია ზედგინიძემ განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტი განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

“უახლოეს მომავალში ველოდებით განმეორებით მესამე კენჭისყრას. რეგლამენტით შესაძლებელია, რომ ის განმეორებით ჩატარდეს. უახლეს მომავალში პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ნათია ზედგინიძემ.

Print