პარლამენტმა სკოლის საატესტატო გამოცდები გააუქმა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, რამდენიმე წუთის წინ, განმეორებით მესამე მოსმენით, 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სკოლის დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. edu.aris.ge წერს რომ, განმეორებითი კენჭისყრა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა.

როგორც ცნობილია, პარასკევს საკითხის ჩავარდნის გამო, მისი განმეორებით კენჭისყრა 16 აპრილს იგეგმებოდდა, თუმცა, როგორც სხდომის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განმარტა, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ზოგადი განათლების შესახებ კანონის დროულად კენჭისყრაც იყო, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას დეპუტატების მხრიდან ათასობით ადამიანი ელის.

საკანონმდებლო ცვლილებებს საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანია მე-11-მე-12 კლასელებთან მიმართებაში აქცენტი განათლების რეალურ მიღებაზე გაკეთდეს და არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მომზადებაზე.

კანონით ოფიციალურად გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა აღნიშნულისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ნაწილს დაემატა გარდამავალი შინაარსის ნორმა, რომლის თანახმადაც ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
Print