სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ
12:33 / 11.06.2019
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების
ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება
I-VI კლასის 1 817 800 წიგნსა და რვეულზე,
ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და
სასკოლო რვეულზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული
სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII
კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს,
2019 წელს ახალი სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც
დაიბეჭდება.
როგორც სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა ლეჟავა ამბობს, ახალი
სახელმძღვანელოები არაქართულენოვან სკოლებს პირველიდან მეექვსე კლასის
ჩათვლით მიეწოდება. „ეს იქნება განახლებული სახელმძღვანელოები, ახალი
ეროვნული გეგმით გათვალისწინებული. სამ ენაზე დაიბეჭდა: სომხურ,
აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. განახლებული იქნება ქართული ენისა და
ლიტერატურის სახელმძღვანელოებიც“ – ამბობს ეკა ლეჟავა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის
კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77
სექტორია. აქედან 85 სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 –
რუსულენოვანი, 117 კი – სომხურენოვანი. ამ სკოლებში, 2014 წლის
მონაცემებით, 60 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.
განახლებული სახელმძღვანელოები არაქართულენოვან სკოლებში ჯერ კიდევ
გასულ წელს უნდა შესულიყო, თუმცა ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც
სახელმძღვანელოები ვერ დაიბეჭდა.
წყარო:
batumelebi.netgazeti.ge