პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის
საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge. 


ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.


ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები